საქართველოს პატრიარქად მოსაყდრე შიო აირჩიეს

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს, 11 მაისს, საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

გადაწყვეტილება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) გამოაცხადა, ის ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე იყო.

„საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს!“- თქვა ანანია ჯაფარიძემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

მიღებული ხმების თანაფარდობა

  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - 22 ხმა;
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) - 9 ხმა;
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) - 7 ხმა;
  • ერთი ხმა გაუქმდა. (არცერთი კანდიდატი არ იყო შემოხაზული.)

გაფართოებული კრება

მე-14 კრებას, რომელიც სამების ტაძარში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თავმჯდომარეობდა.

მან სხდომის დაწყებამდე შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ამონარიდი მისი სიტყვიდან.

"დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი. რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების და ღვთივ გამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ, ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს გზას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, - თქვა მიტროპოლიტმა შიომ.

გაფართოებული კრება, კადრი ვიდეოდან

გაფართოებული კრების გახსნამდე, მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ პირველი სიტყვით მიმართა კრების მონაწილე 1200 დელეგატს. ისინი კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ, ამის უფლება სინოდის 39 წევრს ჰქონდა.

სამების ტაძარში იმყოფება პატრიარქობის სამივე კანდიდატი: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

გაფართოებული კრების გახსნამდე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილიას მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

საქართველოს საპატრიარქოს მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, გაფართოებულ კრებაზე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები. ასევე - თითო წარმომადგენელი მათი ეპარქიებიდან. რეგლამენტის მიხედვით, საპატრიარქო კანდიდატებს სიტყვისთვის ეთმობოდათ 5-5 წუთი, ხოლო დელეგატებს 3-3 წუთი.

კენჭისყრის პროცედურა

ხმის უფლების მქონე წევრებს დაურიგდათ ბიულეტენები სამი კანდიდატის ჩამონათვალით. არჩევანის გაკეთების შემდეგ, ბიულეტენი იდებოდა კონვერტში და თავსდებოდა ცენტრალურ ადგილას განთავსებულ გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში.

ცენტში დგას გამჭვირვალე ყუთი.

მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პირველსავე ტურში პატრიარქის გამოსავლენად საჭიროა 50%-ს+1 ხმა. ამ შემთხვევაში - 20 ხმა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებდა 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში კენჭისყრა გაიმართებოდა ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის.

პატრიარქის არჩევის აუცილებლობა განაპირობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებამ - 2026 წლის 17 მარტს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, გაიმართება სვეტიცხოველში.

ამის შესახებ პატრიარქად არჩეულმა მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა.

"ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა, უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე, ამიტომ ინტრონიზაცია შედგება ხვალ სვეტიცხოველში, მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე", - თქვა მიტროპოლიტმა შიომ.