ნეთანიაჰუს სურს, ისრაელმა "ნულამდე დაიყვანოს ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა"

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, იმედი აქვს, რომ ათწლეულის შემდეგ ისრაელს აღარ დასჭირდება აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა - იმ ფონზე, როცა ისრაელი სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აძლიერებს კავშირებს. ნეთანიაჰუ ამ განცხადებით გამოვიდა CBS News-სთან ინტერვიუში.

"მინდა ნულამდე დავიდეს ამერიკის ფინანსური დახმარება, ჩვენ შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფინანსური კომპონენტი", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელი აშშ-ისგან ყოველწლიურად იღებს 3,8 მილიარდ დოლარამდე ოდენობის დახმარებას. საერთო ჯამში, აშშ თანახმაა, 2018 წლიდან 2028 წლამდე ისრაელს 38 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება მიაწოდოს.

მაგრამ ახლა არის "აბსოლუტურად" სწორი დრო აშშ-ისრაელის ფინანსური ურთიერთობის გადასინჯვისთვის - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

"არ მინდა შემდეგ კონგრესს დაველოდო, - უთხრა ნეთანიაჰუმ CBS-ს, - მინდა ახლავე დავიწყო".

ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდა ორპარტიული კონსენსუსით აშშ-ის კონგრესში სამხედრო დახმარების საკითხზე - თუმცა 2023 წლიდან ღაზაში წარმოებული ომის ფონზე, კანონმდებლებისა და ფართო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერამ იკლო. სააგენტო Reuters-ი ავრცელებს კომპანია Pew-ის მიერ მარტში ჩატარებული კვლევის მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტს ისრაელის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და 59 პროცენტს ნაკლებად ან საერთოდ არ სჯერა, რომ ნეთანიაჰუ სწორ ნაბიჯებს გადადგამს მსოფლიოს საქმეებში. აღინიშნება, რომ გასულ წელთან შედარებით ორივე მონაცემი შვიდი პროცენტითაა გაზრდილი.

ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ში ისრაელის მიმართ მხარდაჭერის შემცირება "თითქმის 100-პროცენტიან კორელაციაშია სოციალური მედიის გეომეტრიულ ზრდასთან".

ნეთანიაჰუს აზრით, რამდენიმე სახელმწიფომ - რომლებსაც იგი არ ასახელებს - სოციალური მედიის "ფაქტობრივი მანიპულაცია" განახორციელეს ისე, რომ ამან "დიდი ზიანი მოგვაყენაო", ამბობს ისრაელის პრემიერი. ამასთან, ის დასძენს, რომ ცენზურას არ ეთანხმება.

ნეთანიაჰუს ახლო მოკავშირის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერაც შემცირდა მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ომი. ომმა გამოიწვია გაზრდილი ფასები ბენზინზე - რამაც გავლენა იქონია ინფლაციის ზრდაზე.

საწვავის ფასების ზრდაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის დაკეტვა - ამ მარშრუტზე მსოფლიოს ნავთობის გადაზიდვის 20 პროცენტამდე მოდის.

ნეთანიაჰუს თქმით, "გარკვეული დრო" დასჭირდა იმის აღქმას, თუ რამდენად დიდი იყო ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის დაკეტვის საფრთხე.

ინტერვიუში ნეთანიაჰუმ უარი თქვა, განეხილა ისრაელის სამხედრო გეგმები ან ირანთან მიმართებით დროში გაწერილი გეგმა - თუმცა ილაპარაკა ირანის ხელმძღვანელობის ცვლილების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ირანის რეჟიმის დამხობა კვლავაც შესაძლებელია, თუმცა არა გარანტირებული.

ასევე ნახეთ

ნეთანიაჰუ: ირანის ომი „არ დასრულებულა“, ურანი უნდა გამოიტანონ