რუსეთის პატრიარქი კირილე შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს

ფოტოკოლაჟი. რუსეთის პატრიარქი კირილე (მარცხნივ), საქართველოს ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქი შიო

რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოს პატრიარქად არჩევას ულოცავს შიო მესამეს.

11 მაისს რუსეთის საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ კირილე შიო მესამეს სწერს:

„გულწრფელად ვულოცავ თქვენს უწმინდესობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას“.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ „გააღრმავა ... სიხარული ჩვენი ეკლესიის შვილების გულებში, რომლებიც გულწრფელ სიყვარულს ავლენენ იბერიის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრის მიმართ“.

პატრიარქი კირილე ასევე წერს: „საქართველოში მრავალჯერ ვიზიტისა და იბერიის მიწიდან ძვირფასი სტუმრების მასპინძლობის შემდეგ, ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი თანამორწმუნე ხალხების ღრმა სულიერ სიახლოვეს“.

კირილე გამოთქვამს იმედს, რომ შიო მესამე გააგრძელებს აწგარდაცვლილი ილია მეორის გზას და მართლმადიდებელი სამყაროს წევრებთან „ძმური ურთიერთობების ტრადიციას“.

ასევე ნახეთ

საქართველოს პატრიარქად მოსაყდრე შიო აირჩიეს
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
  • გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.
  • შიო მესამეს პატრიარქად არჩევა მიულოცეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, ასევე სასულიერო პირებმა.
  • შიო მესამეს არჩევა მიულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

ასევე ნახეთ

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობა

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებდნენ კონტაქტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან.

არაერთ ქართველ პოლიტიკოსსა და ექსპერტს გაუკრიტიკებია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვთან კავშირების გამო, რაშიც შესაძლო რუსული გავლენას ხედავდნენ.

პატრიარქ ილია მეორის ბოლო ვიზიტი მოსკოვში 2016 წელს შედგა. ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შესახებაც კირილემ სამძიმარი გამოთქვა.

ასევე ნახეთ

რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმარს გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია მეორის დაკრძალვაზე მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი (ტუპიეკა) გამოგზავნა.

ასევე ნახეთ

ილია II-ის დაკრძალვას ესწრება პუტინის სპეცწარმომადგენელი კულტურული თანამშრომლობის საკითხებში

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აღიარებდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე, როგორც წესი, ილია II-ის ოფიციალურ ტიტულს მოიხსენიებდა აფხაზეთის გარეშე.

უკრაინისა და დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი კირილეს ბრალს სდებს ომის მხარდაჭერაში. რუსეთის პატრიარქი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეყვანილია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში.

მის მიმართ სანქციების აქვთ დაწესებული ლიეტუვას, კანადას, უკრაინას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ჩეხეთსა და ესტონეთს.

ასევე ნახეთ

პატრიარქი კირილე: პუტინმა ეკლესიას გადასცა ვლადიმირისა და დონის ღვთისმშობლის ხატები