დროებითი ზავი ამოიწურა - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს

რუსეთის ჯარები უკრაინის ქალაქ დნიპროს პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ(საარქივო ფოტო)

დროებითი ზავის ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მიიტანეს მასირებული შეტევა ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეტევა იყო დედაქალაქ კიევზე და კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის და ჟიტომირის ოლქებზე.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქის ობოლონის რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია 16-სართულიანი სახლის სახურავზე. დაზიანებულია სახლის ტექნიკური სართული. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ფასტოვის რაიონში დაზიანებულია რამდენიმე სახლი და საბავშვო ბაღის შენობა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ დნიპროსა და კიდევ ოთხ რაიონზე დრონებით, არტილერიით და ავიაბომბებით 20-ზე მეტი შეტევა იყო. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი ადამიანი. დაზიანებულია სახლები და რკინიგზა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით დარტყმის შედეგად ქალაქ ხარკოვის მახლობლად და კუპიანსკის რაიონში დაზიანებულია საწარმო და რამდენიმე სახლი. საცხოვრებელი და სამეურნეო შენობების დაზიანების შესახებ იუწყება ჟიტომირის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 216 უპილოტო საფრენი აპარატით. 12 მაისის 09:30 საათისთვის დადასტურებული იყო 192 რუსული დრონის მოგერიება და 25-ით პირდაპირი დარტყმა ათ ადგილზე.

ასევე ნახეთ

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ დროებითი ზავის დარღვევაში

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 12 მაისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ღამის 12 საათიდან დილის შვიდ საათამდე ე.წ. თვითმფრინავის ტიპის 27 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ბელგოროდის, ვორონეჟის და როსტოვის ოლქებში, ხოლო დილის შვიდიდან ცხრა საათამდე - ოთხი დრონი ვოლგოგრადის და როსტოვის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

რუსეთის ამ რეგიონების ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ცნობები მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს გამოაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დასთანხმდნენ ხანმოკლე ზავს 9, 10 და 11 მაისს.
  • ამ სამი დღის განმავლობაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ დროებითი ზავის დარღვევასა და არტილერიით და დრონებით შეტევაში, თუმცა შორ მანძილზე დარტყმები არ ყოფილა.

ასევე ნახეთ

რა ზიანს აყენებს რუსეთს უკრაინის შორი მანძილის საჰაერო თავდასხმები