Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ზიანს აყენებს რუსეთს უკრაინის შორი მანძილის საჰაერო თავდასხმები

თანამგზავრიდან გადაღებულ სურათზე ჩანს ნავთობის საცავის ავზებიდან ამომავალი კვამლი რუსეთის ლენინგრადის ოლქში, ბალტიის ზღვის პორტ უსტ-ლუგაში. 29 მარტი, 2026.
თანამგზავრიდან გადაღებულ სურათზე ჩანს ნავთობის საცავის ავზებიდან ამომავალი კვამლი რუსეთის ლენინგრადის ოლქში, ბალტიის ზღვის პორტ უსტ-ლუგაში. 29 მარტი, 2026.

რუსეთის ლენინგრადის ოლქი უკრაინის უახლოესი ტერიტორიიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს. მაგრამ 15 აპრილს მისმა გუბერნატორმა ის „ფრონტისპირა“ რეგიონად გამოაცხადა. მან ნაწილობრივ ასე ახსნა ეს: იანვრიდან მარტამდე პროვინციის თავზე მთლიანობაში 243 უკრაინული დრონი ჩამოაგდესო.

თუმცა, ზოგიერთი დრონი არ ჩამოუგდიათ. ფინეთის ყურეში საექსპორტო ტერმინალებიდან დაწყებული, ქვეყნის შიგნით მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებით დამთავრებული, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მშობლიური ქალაქის, სანქტ-პეტერბურგის, გარშემო არსებული ნავთობის ობიექტები ყველაზე მეტად დაზარალდა უკრაინის მიერ რუსეთის ნახშირწყალბადების წარმოების, შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე მზარდი თავდასხმების შედეგად.

შეტევებმა, რომლებიც ხშირად ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრის ან მეტის დაშორებით ხდებოდა, შეცვალა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ხასიათი, რომელიც ახლა უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს მას მერე, რაც პუტინმა მეზობელ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა 2022 წლის თებერვალში.

რამდენად შეიძლება შეცვალოს ამან ომის ტრაექტორია, ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა, დარტყმები - ძირითადად დრონებით, ასევე რაკეტებით - ხორციელდება ასევე ისეთი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, როგორებიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, აეროდრომები და იარაღის ქარხნები. და ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე მცოცავი მყინვარის ტემპით მიიწევს წინ და დიდ დანაკარგებს განიცდის დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების სახით.

ამ დარტყმებმა ძირი გამოუთხარა რუსეთის შესაძლებლობას, ესარგებლა ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდით - დაფინანსების ძირითადი წყაროთი, რომელიც კვებავს მის ომს უკრაინაში. ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანთან და თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ.

ამ დარტყმების წყალობით რუსეთის ნავთობობიექტების თავზე სქელი კვამლი უცებ იქცა ჩვეულ სურათად და ხალხი აიძულა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საკუთარ თავზე ეგრძნო, მაგალითად, რუსეთის შავიზღვისპირა პორტ ტუაფსეში, სადაც, როგორც მოსახლეობა იტყობინება, გასულ კვირებში დარტყმების დროს ნავთობის წვეთები აწვიმდა თავზე.

ამან კი პუტინი აიძულა, შეეზღუდა გეგმები წითელ მოედანზე 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებას ეძღვნება: გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად ჩატარდა მძიმე შეიარაღების გარეშე, როგორებიცაა ტანკები და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები. რამდენიმე ქალაქში გაუქმდა უფრო მცირე მასშტაბის აღლუმები.

ღია წყაროების ფრანგი მკვლევრის, კლემენტ მოლინის თქმით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 1000 დრონი გაუშვა 2024 წლის აგვისტოში, 3000 2025 წლის ივლისში და 7000 მარტში - პირველად უფრო მეტი, ვიდრე რუსეთმა გაუშვა უკრაინაში.

ეს მაჩვენებელი, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, აპრილში ერთგვარად შემცირდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგების შეფასება ხარისხზეცაა დამოკიდებული რაოდენობასთან ერთად, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მოსკოვის განცხადებები მის მიერ ჩამოგდებული დრონების რაოდენობის შესახებ არასანდოა.

„თავს შევიკავებდი მხოლოდ ნედლი რიცხვებიდან ძალიან ძლიერი დასკვნების გამოტანისგან... ამის მიუხედავად უფრო ფართო ტენდენცია სავსებით რეალურია“, უთხრა რადიო თავისუფლებას კვლევითი ორგანიზაცია Black Bird Group-ის თანადამფუძნებელმა ჯონ ჰელინმა. „უკრაინამ აშკარად გააფართოვა თავისი შორ მანძილზე მოქმედი დრონების დარტყმების შესაძლებლობები და ახლა რუსეთი დგას გამოწვევის წინაშე, ზურგში მდებარე გაცილებით დიდი არეალი დაიცვას რეგულარული უკრაინული თავდასხმებისგან“.

რიცხვები „მასშტაბის ცვლილებაზე მიუთითებს, მაგრამ უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი კამპანიის წარმატება უფრო მეტად უნდა შეფასდეს შედეგებით“, თქვა ჰელინმა. მისი სიტყვებით, ასეთებია: „რაზე განხორციელდა დარტყმა, რა სიხშირით, რამდენად ღრმად რუსეთის ტერიტორიის შიგნით, აიძულა თუ არა დარტყმებმა რუსეთი საჰაერო თავდაცვა გაეშალა, შეფერხდა თუ არა ლოგისტიკა, შემცირდა თუ არა წარმოება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ან მოუწია თუ არა მას რეალური ეკონომიკური და სამხედრო საფასურის გადახდა“.

„ამ თვალსაზრისით ცხადია, რომ უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი კამპანია სულ უფრო ეფექტიანი ხდება“, თქვა მან.

აპრილში უკრაინამ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას მინიმუმ 21-ჯერ დაარტყა, მათ შორის ცხრაჯერ - გადამამუშავებელ ობიექტებს, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ნედლი ნავთობის გადამუშავების მოცულობის ყველაზე დაბალ დონემდე შემცირებას 2009 წლის შემდეგ, იტყობინება Bloomberg News.

P1-Sun-ის დრონის სატესტო ფრენა. 19 მარტი, 2026
P1-Sun-ის დრონის სატესტო ფრენა. 19 მარტი, 2026

ბრძოლის ველზე და საჰაერო იერიშებისას, რომლებსაც ორივე მხარე ახორციელებს, უპილოტო საფრენი აპარატები უზარმაზარ ფაქტორად იქცა ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე უფრო სისხლისმღვრელ ომში და ორივე მხარე ისწრაფვის, რაც შეიძლება მალე შექმნან, შეიძინონ და სრულყონ ისინი.

„დღეს ჩვენმა უკრაინულმა დრონებმა ძირეულად შეცვალა ომის წარმოებისადმი მიდგომა,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აპრილში, უკრაინის მეიარაღეთა დღის აღნიშვნისას, სადაც მან 30-ზე მეტი დრონი წარმოადგინა.

უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფიოდოროვმა აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ თანამდებობაზე მისი ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში კიევმა მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შეისყიდა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში.

„ახლა ჩვენ ვაკვირდებით მომენტს, როცა რუსეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინული დრონების წარმოების ტემპებს,“ თქვა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის უპილოტო სისტემათა ძალების 59-ე ბრიგადის ჯარისკაცმა ოლექსანდრ კაპლიუკმა.

სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო მოხელეებისა და სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. იგულისხმება მათი დაზიანება ან განადგურება პირდაპირი დარტყმებით ან მათი ნეიტრალიზება მათი მიმართულებით მრავალი დრონის გაგზავნით, რაც იწვევს მათი ყურადღების მიქცევას და რაც მათ არ აძლევს სარაკეტო და სხვა იერიშებისგან სამიზნეების დაცვის საშუალებას.

თუკი რუსული სისტემები ათობით ან ასობით დრონს ჩამოაგდებენ, ეს სისტემები გამოიფიტება, რაც ცას გახსნის შემდგომი იერიშებისთვის, ამბობს კარპიუკი: „ჯერ მოდის დრონები, შემდეგ კი რაკეტები. მათ მწყობრიდან გამოჰყავთ საჰაერო თავდაცვა, ეს კი ნიშნავს, რომ ზოგიერთ „ფლამინგოს“, რომლებსაც 1000-კილოგრამიანი საბრძოლო ნაწილი აქვთ, იოლად შეუძლიათ სამიზნეების განადგურება“.

უკრაინა აქტიურად ავითარებს საკუთარ ფრთოსან რაკეტა „ფლამინგოს“. ზელენსკის თქმით, 5 მაისს რამდენიმე მათგანი გაუშვეს, მათ შორის უკრაინიდან 1200 კილომეტრზე მდებარე ჩებოქსარის ქარხანაზე, რომელიც სანავიგაციო კომპონენტებს ამზადებს რუსეთის ჯარებისთვის. რეგიონის გუბერნატორის თქმით, მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.

უკრაინის უპილოტო სისტემათა ძალების სარდლის, რობერტ ბროდვის თქმით, მარტში გაანადგურეს რუსეთის 41 საჰაერო თავდაცვის სისტემა და ამგვარად ტემპები დააჩქარეს წინა სამი თვის განმავლობაში 54 ერთეულის განადგურების შემდეგ.

ანალიტიკოსები ფრთხილობენ და ამბობენ, რომ ასეთი განცხადებების შემოწმება ძნელია. ორგანიზაცია Oryx-მა, რომელიც ომის პერიოდში სამხედრო ტექნიკის დანაკარგებს აკვირდება, მარტში აღრიცხა რუსეთის 18 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისა და შვიდი რადარის განადგურება ან დაზიანება.

როგორიც უნდა იყოს რიცხვები, საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება ან მწყობრიდან გამოყვანა რუსეთის ჯარებს შეიძლება დაეხმაროს ფრონტზე რუსეთის იერიშის მოგერიებასა და საკუთარ წინსვლაში.

ეს ასევე „ფანჯარას აღებს ღრმა დარტყმებისთვის, საშუალო დარტყმებისთვის და ეფექტიანი დარტყმებისთვის. ამას ვხედავთ ლენინგრადის ოლქში და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ,“ თქვა უპილოტო სისტემების ძალების 413-ე პოლკის წარმომადგენელმა ოლექსი ბეზუჰლიმ რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მან იგულისხმა რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინის არმიის შეტევების ტალღა.

ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევრის, ფაბიან ჰოფმანის თქმით, რუსეთის უზარმაზარი ზომები ზრდის მის დაუცველობას უკრაინის მხრიდან მისი „საჰაერო თავდაცვის სისტემების დათრგუნვის“ მიმართ, ვინაიდან ერთი ასეთი სისტემის დაკარგვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მისი ქოლგის ქვეშ აღარ იქნება მთელი არეალი.

პუტინის, მთავრობისა და მოსკოვის დაცვაზე ფოკუსირებამ შესაძლოა ფრონტის ხაზთან ახლოს განლაგებული დისტანციური ენერგეტიკული და სამხედრო დანადგარები ან ჯარები უფრო დაუცველი გახადოს - ეს ფაქტორი წინა პლანზე წამოიჭრა 9 მაისის აღლუმის წინა პერიოდში, ყოველწლიური ღონისძიებისა, რომელსაც პუტინი ლენინის მავზოლეუმთან ახლოს მდებარე ტრიბუნიდან უძღვება.

პუტინის, მთავრობისა და მოსკოვის დაცვაზე ფოკუსირებამ შესაძლოა ფრონტის ხაზთან ახლოს განლაგებული დისტანციური ენერგეტიკული და სამხედრო დანადგარები ან ჯარები უფრო დაუცველი გახადოს - ეს ფაქტორი წინა პლანზე წამოიჭრა 9 მაისის აღლუმის წინა პერიოდში, ყოველწლიური ღონისძიებისა, რომელსაც პუტინი ლენინის მავზოლეუმთან ახლოს მდებარე ტრიბუნიდან უძღვება.

„ის, რომ რუსეთს აშკარად არ სურდა მოსკოვის გარშემო არსებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის მჭიდრო რგოლიდან რესურსების სხვაგან გადანაწილება - სავარაუდოდ, იმის შიშით, რომ ეს ომს რეჟიმის კართან უფრო ახლოს მიიყვანს - პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს“, წერს ჰოფმანი.

12 აპრილის ბლოგპოსტში მან დაწერა, რომ „მხოლოდ დარტყმების კამპანია ვერ უზრუნველყოფს ომში უკრაინის გამარჯვებას და ვერ აღმოფხვრის რუსეთის ეკონომიკურ პოტენციალს“.

თუმცა, დასძინა მან, მოქმედი შეზღუდვების ერთობლივი ეფექტი „რეალურია და მნიშვნელოვნად მოქმედებს რუსეთის ბიუჯეტირებასა და დაგეგმვაზე, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სრულად ვერ სპობს მის უნარს, აწარმოოს ომი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG