Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ დროებითი ზავის დარღვევაში

ფოტო არქივიდან. უკრაინა-რუსეთის საზღვარი სუმის და კურსკის ოლქებს შორის.
ფოტო არქივიდან. უკრაინა-რუსეთის საზღვარი სუმის და კურსკის ოლქებს შორის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დროებითი ზავის მიუხედავად, 11 აპრილსაც უკრაინის და რუსეთის რეგიონებიდან გავრცელდა ცნობები დრონებით და არტილერიით შეტევებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 11 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარების მხრიდან დრონებით და არტილერიით 785 დარტყმა იყო ოლქის 36 დასახლებულ პუნქტზე, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი, დაზიანდა სახლები და სხვა შენობები.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დარტყმის ქვეშ იყვნენ ქალაქი ხარკოვი და კიდევ შვიდი დასახლებული პუნქტი, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით ცხრა შეტევა იყო ოლქის ორ რაიონზე, სადაც სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ოთხი კერძო სახლი და ამბულატორიის შენობა.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხერსონში დაიჭრა ხუთი ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბიჭი.

რუსეთის კურსკის და ბელგოროდის ოლქების გუბერნატორების თანახმად, გასულ 24 საათში დრონებით და არტილერიით შეტევების შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა კურსკის ოლქში და ოთხი - ბელგოროდის ოლქში. დაზიანებულია სახლები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 აპრილს დილით განაცხადა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთმა და უკრაინამ დროებითი ზავის დარღვევის შესახებ განაცხადეს 10 მაისსაც და პასუხისმგებლობა ერთმანეთს დააკისრეს. საომარი მდგომარეობის პირობებში ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

  • რუსეთმა დროებითი ზავი 8-9 მაისს გამოაცხადა „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 81-ე წლისთავისა და მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმის გამო. მხარეთა თანახმად, საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.
  • მანამდე 6 მაისიდან კიევმა „სიჩუმის რეჟიმი“ გამოაცხადა, თუმცა უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთმა ეს რეჟიმი ჩაშალა.
  • 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დასთანხმდნენ ხანმოკლე ზავს 9, 10 და 11 მაისს და 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლას.






ფორუმი

XS
SM
MD
LG