ანდრი ერმაკისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურორი მოითხოვს პატიმრობას ან 180 მლნ ჰრივნის გირაოს, სასამართლო მოსმენა 13 მაისს გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი სასამართლო სხდომაზე. 12 მაისი, 2026 წელი

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაიწყო პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრი ერმაკისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხის განხილვა. მოსმენა იმართება კიევთან ახლოს, ელიტურ მშენებლობაზე 460 მილიონი ჰრივნის ლეგალიზაციის საქმის ფარგლებში.

სასამართლოზე მისულმა ერმაკმა განაცხადა, რომ მოელის „სამართლიან და პატიოსან სასამართლოს“.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 12 მაისს არ განესაზღვრა აღკვეთის ღონისძიება და მხოლოდ საქმის მასალების ნაწილი მოესმინა პროკურორისგან. ონლაინგამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის გამოვლენის შემდეგ, სასამართლოს 72 საათი აქვს აღკვეთის ღონისძიების განსასაზღვრად.

ასევე ნახეთ

ერმაკთან ერთად ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილია უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი

ანდრი ერმაკის ადვოკატმა იგორ ფომინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის საქმე 250-გვერდიანი 16 ტომისგან შედგება, რის გამოც დაცვის მხარემ ვერ შეძლო მისი სრულყოფილად გაცნობა. ამის საფუძველზე ადვოკატი სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვს.

პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლების ღიად გამოცხადებისთვისაც პროკურატურა მზად არ არის.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სხვა ფაქტებს შორის აღნიშნა, რომ 2020 წლის ივლისიდან 2022 წლის აგვისტომდე სამშენებლო პროექტ „დინასტიაში“ ანდრი ერმაკის მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირი იყო მისი მამა ბორის ერმაკი, რაც დასტურდება ჩატებით. 2022 წლის აგვისტოდან მას პროექტში სხვა პირი წარმოადგენდა.

ასევე ნახეთ

ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ერმაკი აცხადებს, რომ ერთი ბინა და ერთი ავტომობილი აქვს

სამშაბათის მოსმენაზე აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ თანამონაწილეები აღნიშნულ მშენებლობას ერთმანეთთან კომუნიკაციისას „დიდ მშენებლობას“ უწოდებდნენ.

სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და ის 13 მაისის 12:00 საათზე განახლდება.

11 მაისის საღამოს უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მოგვიანებით გამოცხადდა, რომ კიევთან ახლოს კოტეჯური ტიპის დასახლება „დინასტიის“ მშენებლობაში 460 მილიონი ჰრივნის (დაახლოებით 10,5 მლნ აშშ დოლარი) ლეგალიზაციაში ეჭვმიტანილია ანდრი ერმაკი. გამოძიების მასალებით, მშენებლობის დაფინანსება, შესაძლოა, მათ შორის, ხორციელდებოდა „ენერგოატომში“ მოქმედი კორუფციული სქემებიდან მიღებული შემოსავლებით. პროკურატურა სასამართლოსგან მოითხოვს, რომ ენდრი ერმაკს აღკვეთის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ალტერნატივად კი ასახელებს 180 მილიონი ჰრივნის ოდენობის გირაოს.

ასევე ნახეთ

"ვიცე-პრეზიდენტი" თუ "მეხამრიდი"? - ზოგიერთი შტრიხი ანდრი ერმაკის პორტრეტისთვის