უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ 12 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის ამ ექვს წევრს შორის არიან უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ბიზნესმენი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში ჩატარებული სპეცოპერაცია „მიდასის“ ფარგლებში გამოაშკარავებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილებმა 2021-2025 წლებში, კიევის ოლქის დაბა კოზინში კოტეჯების დასახლების მშენებლობით გაათეთრეს 460 მილიონ გრივნაზე მეტი(დაახლოებით 10,5 მილიონი აშშ დოლარი).
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ყოფილი ვიცე-პრემიერის და ბიზნესმენის ვინაობას არ ასახელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილია ყოფილი ვიცე-პრემიერი ოლექსი ჩერნიშოვი, ხოლო ეჭვმიტანილი ბიზნესმენი სავარაუდოდ, ტიმურ მინდიჩია, რომელიც 2025 წლის ნოემბერში, უკრაინის ენერგოსისტემაში მასშტაბური კორუფციული სქემის გამოვლენის შემდეგ(„მიდასის“ სახელით ცნობილი საქმე) უკრაინიდან გაიქცა.
ფულის გათეთრებაში რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკიცაა ეჭვმიტანილი, ეს ცნობილი გახდა 11 მაისს.
ერმაკის ადვოკატმა იჰორ ფომინმა 12 მაისს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ფულის გათეთრება დაუსაბუთებელია და ანდრი ერმაკისთვის სისსხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სიტუაცია პროვოცირებულია საჯარო ზეწოლით, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებზე, რომ ერმაკი ეჭვმიტანილად გამოეცხადებინათ.
- ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
- ერმაკმა თანამდებობა 2025 წლის ნოემბერში დატოვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის გამოვლენის შემდეგ. „მიდასის" სახელით ცნობილ ამ საქმეში ერმაკიც ფიგურირებს.
ფორუმი