აშშ-ის სენატმა კევინ უორში დაამტკიცა ფედერალური სარეზერვო სისტემის ახალ ხელმძღვანელად

კევინ უორში. ვაშინგტონი, 21 აპრილი, 2026.

აშშ-ის სენატმა კევინ უორში დაამტკიცა ფედერალური სარეზერვო სისტემის ახალ ხელმძღვანელად. მის კანდიდატურას 54-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 45-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

უორში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა. ახლა მან დანიშვნის ბრძანებულებას უნდა მოაწეროს ხელი. ამჟამად ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს ჯერომ პაუელი. მისი ვადა 15 მაისს იწურება.

უორში 2006 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოში. მაშინ, 35 წლის ასაკში, ის რეგულატორის ხელმძღვანელობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. მანამდე უორში მუშაობდა Morgan Stanley-ში, სადაც დაკავებული იყო გარიგებებით შერწყმისა და შესყიდვების შესახებ, ამის შემდეგ მუშაობდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უმცროსის, ეკონომიკურ მრჩევლად.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე საკამათო იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში. პაუელი ამ თანამდებობაზე 2017 წელს წარადგინა თავად ტრამპმა, რომელმაც მას „ძლიერი, ჭკვიანი და ძალიან ნიჭიერი“ უწოდა. თუმცა, მოგვიანებით, პრეზიდენტმა პაუელის კრიტიკა დაიწყო საპროცენტო განაკვეთების სწრაფად შემცირებაზე უარის თქმის გამო და მას დაარქვა მეტსახელი „ძალიან დაგვიანებული“.

ფედერალური სარეზერვო სისტემა შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს. ის პასუხისმგებელია ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე და არეგულირებს ფინანსურ სისტემას. ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭო შედგება შვიდი წევრისგან, რომლებსაც სენატის თანხმობით ნიშნავს პრეზიდენტი.

ასევე ნახეთ

ერთი სრუტე, ორი საბჭო და ყველაზე მნიშვნელოვანი სამი T-დან - რა უნდა იცოდეთ ტრამპის ვიზიტზე პეკინში