რუსეთმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყა

რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული სახლი კიევში. 2026 წლის 14 მაისი

რუსეთის ჯარებმა 14 მაისს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმას ნგრევა და ხანძრები მოჰყვა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. დარნიცის რაიონში, სადაც მრავალსართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მობინადრეებს ეძებენ.

განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დილის ექვსი საათის მდგომარეობით, მაშველებმა გადაარჩინეს ნაწილობრივ დანგრეული სახლის 10 მობინადრე. სამსახურმა ნანგრევებიდან ერთ-ერთის ამოყვანის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

განახლება: დილის რვა საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ კიევში დაღუპულია ერთი და დაშავებულია 16 ადამიანი.

მასირებული შეტევა იყო კიევის ოლქზეც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 7 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

კიევის ოლქის ობუხოვის, ბროვარის, ფასტოვის, ბორისპოლის და ბელოცერკვის რაიონებში დაზიანებული და დამწვარია კერძო და მრავალბინიანი სახლები.

განახლება: დილის ცხრა საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ დედაქალაქ კიევში დაშავებულია 31 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დარნიცის რაიონში, სადაც ნაწილობრივ დაინგრა მრავალბინიანი სახლი, მაშველებმა 27 ადამიანი გადაარჩინეს.

განახლება: დილის ათი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ კიევში დაღუპულია 2 და დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

განახლება: დღის 12 საათისთვის კიევის პოლიციამ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. დარნიცის რაიონში სახლის ნაწილობრივ ნგრევის შედეგად დაღუპულია 3 ადამიანი. ქალაქის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დარტყმის შედეგად დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

განახლება: დღის ორი საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დარნიცის რაიონში, სახლის ნანგრევებში ნაპოვნია კიდევ ორი ცხედარი. კიევში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება სულ მცირე 20 ადამიანი.

ასევე ნახეთ

უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო ხანგრძლივი საჰაერო დარტყმა კრიტიკულ ობიექტებზე

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევისას, რომლის მთავარი სამიზნე კიევი იყო, გამოიყენეს 675 უპილოტო საფრენი აპარატი და 56 რაკეტა, მათ შორის სამი აერობალისტიკური „კინჟალი“. 14 მაისის დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 41 რაკეტის და 652 დრონის მოგერიება და 15 რაკეტით და 23 დრონით პირდაპირი დარტყმა 24 ადგილზე.

13 მაისს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მოსახლეობა გააფრთხილა ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთისგან მოსალოდნელი მორიგი კომბინირებული და ხანგრძლივი შეტევის შესახებ და საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 13 მაისს დღისით განაცხადა, რომ საჰაერო შეტევის პირველი ტალღისთვის რუსეთი იყენებს დიდი რაოდენობით დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს, რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადატვირთოს, რის შემდეგაც გეგმავს მნიშვნელოვანი რაოდენობის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას.

13 მაისს საღამოს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, დილის რვა საათიდან საღამოს შვიდის ნახევრამდე რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 753 უპილოტო საფრენი აპარატი(მანამდე, ღამის განმავლობაში - 139).

საჰაერო ძალების თანახმად, რუსეთმა უკრაინაში დრონების შესაღწევად გამოიყენა ბელარუსის და მოლდოვის ტერიტორიები.

13 მაისის საღამოს შვიდის ნახევრისთვის დადასტურებული იყო 710 რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიება და 27-ით პირდაპირი დარტყმა და მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა 26 ადგილზე.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, 13 მაისს რუსეთმა სულ მცირე 800 დრონით დაარტყა უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიას. ზელენსკის თანახმად, მიზანმიმართული შეტევა იყო ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონებზე. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დაიღუპა ექვსი და დაიჭრა ათეულობით ადამიანი.

ასევე ნახეთ

უნგრეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა უკრაინის დასავლეთზე დრონებით თავდასხმის გამო