Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა უკრაინის დასავლეთზე დრონებით თავდასხმის გამო

რუსეთის ჯარებმა 13 მაისს დრონებით შეტევა მიიტანეს უკრაინის იმიერკარპატების ოლქზეც, სადაც ბევრი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.
რუსეთის ჯარებმა 13 მაისს დრონებით შეტევა მიიტანეს უკრაინის იმიერკარპატების ოლქზეც, სადაც ბევრი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.

უნგრეთის ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, დაგმო რუსეთის შეტევა უკრაინის დასავლეთში მდებარე იმიერკარპატების ოლქზე. ამ რეგიონში ბევრი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რაც ადგილობრივი მედიის თანახმად, წინა, ვიქტორ ორბანის მთავრობისგან სრულიად განსხვავებული რეაქციაა.

უკრაინაზე რუსული დრონებით მასირებული შეტევისას, რომელიც 13 მაისს მიმდინარეობდა, იმიერკარპატების ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ უჟგოროდში და სხვა რაიონებში დაზიანდა ენერგეტიკის, რკინიგზის და სამრეწველო ობიექტები.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა 13 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმიერკარპატების ოლქზე ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. მადიარის თქმით, უნგრეთის მთავრობა რუსეთის თავდასხმას მკაცრად გმობს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი იმავეს ეტყვის რუსეთის ელჩს, რომელიც 14 მაისს სამინისტროშია დაბარებული და მოითხოვს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის გეგმავს რუსეთი უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებას.

როგორც უნგრული გამოცემა Telex-ი წერს, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის რეაქცია რადიკალურად განსხვავდება წინა პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და მისი მთავრობის მიდგომისგან. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პეტერ სიიარტო უნგრეთის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკული განცხადებების გამო რეგულარულად იბარებდა დასავლეთის სახელმწიფოთა ელჩებს, რუსეთის ელჩი კი არ გამოუძახებია მაშინაც კი, როცა 2022 წელს რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევა განახორციელეს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემებზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიერ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობას „მნიშვნელოვანი მესიჯი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან 13 მაისს ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიცია.

ზელენსკიმ მადიარს მადლობა გადაუხადა „არაგულგრილობისა და ძლიერი პოზიციისთვის".

  • უნგრეთში 2026 წლის 12 აპრილს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ პეტერ მადიარის მეთაურობით, დაამარცხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“, რომელიც უნგრეთს 16 წლის განმავლობაში მართავდა.
  • „ტისამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. პეტერ მადიარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 9 მაისს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG