ლატვიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა ევიკა სილინიამ. მან გადადგომის განცხადებით მიმართა ლატვიის პარლამენტს, რომელიც 14 მაისს თავად გეგმავდა მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის განხილვას.
პრემიერის გადადგომა მინისტრების გადადგომასაც იწვევს.
ევიკა სილინია, რომელიც მმართველი კოალიციის წევრი პარტიის, „ერთობის” წარმომადგენელია, ლატვიის პრემიერ-მინისტრი იყო 2023 წლის სექტემბრიდან. კოალიციაში არიან „მწვანეების და ფერმერთა კავშირი” და პარტია „პროგრესულები”, რომლებმაც ჯერ კიდევ 13 მაისს განაცხადეს, რომ მთავრობა ფაქტობრივად, დაშლილია.
კოალიციაში უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან პარტია „პროგრესულების” წევრის, ანდრის სპრუდსის წასვლა. მას გადადგომა პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ მოსთხოვა მას შემდეგ, რაც 7 მაისს, რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებით კურსს აცდენილი უკრაინული დრონები ლატვიის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდნენ და ერთ-ერთი ქალაქ რეზეკნეში, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
სერიოზული ზიანი არ ყოფილა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს დააკისრა პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ დრონები ვერ მოიგერიეს. 11 მაისს, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან სპრუდსის გადადგომის შემდეგ მისმა თანაპარტიელებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრმა ნდობა დაკარგა.
დღეს, 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ბიურომ დააკავა სოფლის მეურნეობის მინისტრი, „მწვანეების და ფერმერთა კავშირის” წევრი არმანდს კრაუზე. საქმე ეხება სავარაუდო დარღვევებს სახელმწიფო ტყეებით სარგებლობის სფეროში.
ლატვიის პარლამენტის არჩევნებამდე ხუთი თვეა დარჩენილი. ახალი მთავრობა, რომელიც სილინიას კაბინეტის გადადგომის შემდეგ დაკომპლექტდება, არჩევნებამდე იმუშავებს.