სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევა თავიდან გამოცხადდება

ფოტოილუსტრაცია: ეს არის სასკოლო ფორმების დიზაინი, რომელიც განათლების სამინისტრომ შეარჩია.

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესაძენად საჭირო ბაზრის კვლევას ხელახლა გამოაცხადებს. 

„2026 წლის 14 მაისს [დღეს] ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა“, - აცხადებენ სამინისტროში.

2026 წლის 5 თებერვალს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.

ამ მიზეზით სამინისტროს დაქვემდებარებულმა შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად კვლევა 3 აპრილს გამოაცხადა, 29 აპრილს კი შესყიდვების სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ ამაში 44 მილიონ 900 000 ლარი დაიხარჯებოდა.

ასევე ნახეთ

სასკოლო ფორმა "ეროვნული სიმბოლიკით" - ერთფეროვნება თუ თანასწორობა?

ფორმები ორ ეტაპად უნდა შეკერილიყო: პირველ ეტაპზე (31 ივლისამდე) - ტანსაცმლის 30%, მეორეზე (20 აგვისტო) - დანარჩენი ნაწილი.

  • გოგოს პიჯაკი - 292 000 ცალი;
  • ბიჭის პიჯაკი - 308 000 ცალი;
  • გოგოს შარვალი - 438 000 ცალი;
  • ბიჭის შარვალი - 616 000 ცალი;
  • ქვედაბოლო მუხლამდე - 146 000 ცალი;
  • ქვედაბოლო გრძელი - 1000 ცალი.

„ქართული ოცნების“ მთავრობის სასკოლო განათლების რეფორმა 8 მთავარ ცვლილებას მოიცავს, მათგან ერთ-ერთი I-VI კლასებში მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოღებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

8 მთავარი ცვლილება „ოცნების“ ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვით

ასევე ნახეთ

„ოცნების“ განათლების რეფორმა - ვინ იხეირებს, თქვენი შვილი თუ მმართველი პარტია