"ოპოზიციის ალიანსი" სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის 6 მოთხოვნას ასახელებს

საილუსტრაციო ფოტო: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები

"ოპოზიციის ალიანსი“ ასახელებს ექვს ძირითად მოთხოვნას, რომლებსაც აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენლებმა დღეს, 15 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ექვსი მოთხოვნა

  • საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლების არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ ამ პრინციპით. 2024 წლის არჩევნებს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, თუმცა ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.
  • ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა.
  • გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
  • აუდიტის, შესწავლა-შემოწმების ნაწილში მოწვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.
  • გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
  • საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომლებიც საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.


"კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, თენგო თევზაძის განცხადებით, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე საუბრის დაწყებამდე აუცილებელია, "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა" და "რეპრესიული კანონების გაუქმება".

კონტექსტი

2025 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ. ეს მათთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის ტოლფასია, რადგან ბევრი მათგანი, დროისა თუ ფულის არქონის გამო, საქართველოში, უკვე წლებია, შვილებისა და მოხუცი მშობლების სანახავადაც ვერ ჩამოდის.

ამასთან, ემიგრანტების დიდი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფება და თუკი ჩამოვლენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

ოთხმა მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (4, 5, 9 და 25 საარჩევნო ნომრებით) გაყალბებულად მიიჩნია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, პარლამენტში უმრავლესობა (89 მანდატი) „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა.

  • დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებსაც დამატებითი იმპულსი შესძინა 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებამ, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დამდგარიყო ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აქციებს რამდენიმე დღის განმავლობაში არბევდნენ.
  • მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, - ერთ-ერთმა ოპოზიციონერ ლიდერებს შორის, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, - პრეზიდენტის სასახლე 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა, 6-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. თავდაპირველად განაცხადა, რომ „თან მიაქვს“ ლეგიტიმაცია, თუმცა 2025 წელს განაცხადა: „არ ვამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი“.
  • ევროპის პარლამენტმა 2024 წლის შემდეგ რამდენიმე რეზოლუციით საქართველოს პარლამენტს უწოდა „არალეგიტიმური პარლამენტი“ და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა;
  • საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროება “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა შეახსენა საზოგადოებას. დამოუკიდებელი გამოძიების სწრაფად ჩატარების აუცილებლობაზე 2024 წლის არჩევნების მეორე დღიდანვე აცხადებდა ევროკავშირიც.
  • თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებდნენ, რომ საარჩევნო პროცესში ხარვეზები ყოველთვის არის. "გამოძიებაც დაიწყო. რაიმე თუ არის შესასწავლი, ყველაფერს გამოიძიებს პროკურატურა... ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში“.


ასევე ნახეთ

"მისია არ შესრულებულა" - 2024 წლის საარჩევნო დარღვევების "დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი" გამოძიება კვლავაც დღის წესრიგშია