18 მაისს სასამართლოს პრესსამსახურში უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” და სააგენტო „რბკ უკრაინას” დაუდასტურეს გირაოს თანხის ჩარიცხვა.
- 14 მაისს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ანდრი ერმაკს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა და ამასთან, გადაწყვიტა, რომ 140 მილიონი გრივნის(დაახლოებით 3,2 მილიონი აშშ დოლარი) გადახდის შემთხვევაში, მას პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლებენ.
- ერმაკმა განაცხადა, რომ ეს თანხა არ გააჩნია, თუმცა მეგობრების და ახლობლების დახმარების იმედი აქვს.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” ცნობით, შესაბამის ანგარიშზე ფულის შეტანა გასულ კვირაში დაიწყო და საერთო ჯამში, 200-მდე გადარიცხვის შედეგად გირაოს თანხაზე მეტი, დაახლოებით 154 მილიონი გრივნა შეგროვდა.
გამოცემის წყაროთა თანახმად, ამ თანხიდან 30 მილიონი გრივნა გადარიცხა უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა.
განახლება: 18 მაისს, გირაოს გადახდის შემდეგ, ადგილობრივი დროით დილის 11 საათისთვის ანდრი ერმაკი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
ერმაკს სასამართლოსა და პროკურორების ნებართვის გარეშე ეკრძალება კიევის დატოვება. მას ჩამოერთვა პასპორტი, რომელიც საზღვარგარეთ გასამგზავრებლადაა საჭირო. ანდრი ერმაკმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს და თავი უნდა აარიდოს სხვა ეჭვმიტანილებთან კონტაქტს.
ასევე ნახეთ
ზელენსკის „რუხი კარდინალი“, მკითხავ-ასტროლოგი და მილიონების გათეთრება - რას ედავება პროკურატურა ანდრიი ერმაკს?უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის გამოძიების თანახმად, ანდრი ერმაკმა და სხვა ეჭვმიტანილებმა 2021-2025 წლებში, კიევის ოლქის დაბა კოზინში კოტეჯების დასახლების მშენებლობით გაათეთრეს 460 მილიონ გრივნაზე მეტი(დაახლოებით 10,5 მილიონი აშშ დოლარი). ერმაკი ბრალდებას უარყოფს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ანდრი ერმაკს ეჭვმიტანილის სტატუსი 11 მაისს მიანიჭეს.
12 მაისს ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაიწყო მსჯელობა ერმაკისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხზე, 14 მაისს კი მიიღო გადაწყვეტილება პატიმრობის და გირაოს გადახდის შემთხვევაში, ამ ზომის შეცვლის შესახებ.
ასევე ნახეთ
კიევში რუსული „ფეიკი“ უწოდეს ცნობას უკრაინის პირველი ლედის შესაძლო „დაპატიმრების“ შესახებ- ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
- ერმაკმა თანამდებობა 2025 წლის ნოემბერში დატოვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის გამოვლენის შემდეგ. „მიდასის" სახელით ცნობილ ამ საქმეში ერმაკიც ფიგურირებს.