Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერმაკს პატიმრობა შეეფარდა და გირაოს გადახდის შესაძლებლობა მიეცა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, რასაც ის უარყოფს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, რასაც ის უარყოფს

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელ ანდრი ერმაკს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, 140 მილიონი გრივნის გადახდის შემთხვევაში, ერმაკს პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლებენ.

ანდრი ერმაკი კიდევ ექვს პირთან ერთად ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, რასაც უარყოფს. პატიმრობას ან ალტერნატივად გირაოს(180 მილიონი გრივნა) სასამართლოსგან ითხოვდა სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა.

14 მაისს ანდრი ერმაკმა სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გირაოს თანხა პირადად არ გააჩნია, მაგრამ ახლობლების და მეგობრების დახმარების იმედი აქვს. ამასთან, ერმაკის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის გამოძიების თანახმად, ანდრი ერმაკმა და სხვა ეჭვმიტანილებმა 2021-2025 წლებში, კიევის ოლქის დაბა კოზინში კოტეჯების დასახლების მშენებლობით გაათეთრეს 460 მილიონ გრივნაზე მეტი(დაახლოებით 10,5 მილიონი აშშ დოლარი).

ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ანდრი ერმაკს ეჭვმიტანილის სტატუსი 11 მაისს მიანიჭეს. 12 მაისს ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაიწყო მსჯელობა ერმაკისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხზე.

  • ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
  • ერმაკმა თანამდებობა 2025 წლის ნოემბერში დატოვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის გამოვლენის შემდეგ. „მიდასის" სახელით ცნობილ ამ საქმეში ერმაკიც ფიგურირებს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG