სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
იდუმალი თეორიის წიგნი: „ტრანსცენდენტალური სტილი კინოში“
კინოს მოყვარულები ამერიკელ პოლ შრეიდერს უწინარესად სკორსეზეს ემბლემური ფილმის, „ტაქსის მძღოლის“ სცენარის ავტორად იცნობენ. ასევე რეჟისორად, რომელიც თავადაც კარგ ფილმებს იღებს - მათ შორის „ამერიკელ ჟიგოლოს“ და სენსუალურ, ინცესტურ ტრილერს „კატა-ადამიანები“.
თუმცა კინოში შრეიდერის ისტორია უფრო ადრე იწყება - სამაგისტრო დისერტაციით, რომელიც მან 24 წლის ასაკში დაწერა, კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლისას და შემდეგ, 1972 წელს, წიგნად გამოაქვეყნა. „ტრანსცენდენტალური სტილი კინოში: ოძუ, ბრესონი, დრეიერი“ – ასე ჰქვია ამ წიგნს და ის კინოს თეორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მომნუსხველ, უცნაურ და მნიშვნელოვან ტექსტად რჩება.
შრეიდერი მიჩიგანის შტატში იზრდებოდა - ზედმიწევნით მკაცრ პროტესტანტულ გარემოში, და თავადაც კალვინისტ მღვდლობას აპირებდა. მისი ღრმად მორწმუნე მშობლები კინოს „მიწიერ გართობად“ მიიჩნევდნენ და კრძალავდნენ - პოლ შრეიდერი 17 წლის იყო, როცა პირველი ფილმი ნახა. კინომ თინეიჯერი ბიჭის წარმოსახვა სრულად დაიპყრო. და საბედნიეროდ დაიპყრო - რადგან იმ თამამ, ლამის თავზეხელაღებულ განაცხადს, რომლითაც შრეიდერი თავის წიგნში გამოდის, მხოლოდ შეპყრობილობა თუ განაპირობებს.
ეს განაცხადი კი ასეთია: სამი რეჟისორი საკრალურს მიუახლოვდა კინოში. ეს რეჟისორებია იაპონელი იასუძირო ოძუ, ფრანგი რობერ ბრესონი და დანიელი კარლ თეოდორ დრეიერი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბიოგრაფიით, კულტურით, პიროვნული თვისებებით, ასევე რელიგიური ტრადიციით - ოძუს მგრძნობელობა საზრდოობს ძენით, ბრესონის - კათოლიციზმით და ბიზანტიური ხატწერით, დრეიერის - პროტესტანტიზმით და გოტიკური არქიტექტურით; მაგრამ მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განავითარეს ერთმანეთის უცნაურად მსგავსი ფორმა. განავითარეს ტრანსცენდენტალური სტილი - რომლითაც კინო უკვე კინოს სცდება და რაღაც იდუმალთან და მისტიკურთან გვაახლოებს. ოძუმ და ბრესონმა ტრანსცენდენტალური სტილი განსაზღვრეს - ერთმა აღმოსავლეთში, მეორემ დასავლეთში; დრეიერი ამ სტილს ინტენსიურად იყენებს, მაგრამ უფრო ნაწილობრივ და უფრო მღელვარედ.
ყველაფერი, რაც ფილმის „გაგებას“ აქტიურად გვიკარნახებს, რაც ჩვენი აღქმით და ემოციებით „დირიჟორობას“ ცდილობს - სიუჟეტი, მოქმედება, მსახიობის დასწავლილი თამაში, პერსონაჟის ფსიქოლოგიური ბუნება, კამერის მოძრაობა, მუსიკა, დიალოგი, მკვეთრი მონტაჟი - ტრანსცენდენტალური სტილით მინიმუმამდეა დაყვანილი, წერს შრეიდერი. ეს სტილი ამ ელემენტებს ანაცვლებს უძრავად დაფიქსირებული კამერით, მსახიობის ემოციური თუ ფსიქოლოგიური ნეიტრალურობით; სიჩუმით, პაუზით, ასკეტიზმით. ასეთი კინოსთვის არც რელიგიური თემატიკის, ან ბიბლიური პერსონაჟების ჩვენებაა აუცილებელი. რადგან ტრანსცენდენტური არ არის გამოსახულება - ის გამოსახულების მეშვეობით გამოვლინდება. როგორც რაღაც სხვა, უფრო მეტი, უფრო დიდი. ის, რასაც უშუალოდ გამოსახული შინაარსი - ვიზუალური თუ სიტყვიერი - ვერასოდეს დაიტევს. ესაა ის, რის მისაღებადაც - თუ შესაგრძნობად - ტრანსცენდენტალური სტილი თავის მაყურებელს ამზადებს.
შრეიდერი მოულოდნელი კონკრეტულობით და მკაფიოობით უპასუხებს კითხვას, მაინც როგორ აღწევდნენ ეს რეჟისორები ტრანსცენდენტალურ სტილს. ის დეტალურად მსჯელობს ამ ავტორების ფილმებზე და წერს, რომ ისინი იმეორებს ერთსა და იმავე, სამი ეტაპისგან შემდგარ ტრაექტორიას. პირველი ეტაპია ყოველდღიური ცხოვრების ტრივიალურობის სტილიზაცია, მეორე - შეუსაბამობის გამძაფრება ამ უგრძნობ გარემოსა და ადამიანის მდგომარეობას, მის განცდებს, მღელვარებას, შეპყრობილობას შორის. და ბოლოს გაჩერება - სტასისი. ეს ბოლო, მესამე ეტაპი გარდადის სამყაროს სტატიკურ, შეყინულ ხატში, რომელშიც ფიზიკური და სულიერი კვლავ შეუსაბამობაში, დაძაბულად თანაარსებობს - მაგრამ რაღაც უფრო დიდი რეალობის ნაწილი ხდება.
როგორც მოთეთრო კედელზე გამოსახული ჯვარი ბრესონის “სოფლის მღვდლის დღიურის” ფინალში. და როგორც “ოძუს ვაზა”, რომლის ძალის ამოხსნასაც კრიტიკოსები უკვე თითქმის 80 წელიწადია ცდილობენ, ამბობენ, რომ “გვიანი გაზაფხულის” ამ კადრით ოძუ იღებს საკუთრივ დროს - როგორც ასეთს. არადა ეს ჯადოსნური, მშვიდი და უცნაური კადრი, რომელიც გადამწყვეტ სცენაში რამდენჯერმე, ხანგრძლივად ჩნდება, უბრალოდ ლარნაკს გამოსახავს - სიჩუმის, და მის უკან ოდნავ მოძრავი ტოტების ფონზე. „სრულად ვერავინ უპასუხებს კითხვას, მაინც როგორ მიიღწევა სტასისი. ... ტრანსცენდენტალური სტილის საბოლოო ‘რატომ’ თავად ავტორისთვისაც იდუმალებაა“ - წერს შრეიდერი.
„ტრანსცენდენტალური სტილი კინოში“ მალე ქართულად გამოდის, მას „ჯენარიელოს გამომცემლობა“ ბეჭდავს. ამ ამბავმა ძალიან გამახარა და ამ ეპიზოდის გაკეთებაც ამიტომ გადავწყვიტე. ეს არის საოცარი წიგნი - არა მხოლოდ იმიტომ, რომ კინოს აღქმისთვის გვანიჭებს უნიკალურად ამაღელვებელ ინტუიციას; იმიტომაც, რომ 24 წლის შრეიდერი აქ ფაქტობრივად შეუძლებელს აღწევს, იგი კრიტიკოსის ანალიტიკური ენით ლაპარაკობს კინოზე, რომელიც გამოუთქმელთან - ტრანსცენდენტურთან - გვაახლოებს.