წარმოდგენას საზოგადოების ნაწილის კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
რა წარმოდგენაზე საუბარი
14 მაისს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომისდროინდელ სიმღერებზე იყო შექმნილი.
ინფორმაცია წარმოდგენის შესახებ, 16 მაისს სოციალურ ქსელში გაავრცელა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ და დაწერა, რომ "კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა".
ლეგენდარულმა მელოდიებმა, როგორიცაა „კატიუშა“, „ბნელი ღამე“ და „ლურჯი ცხვირსახოცი“, მაყურებლის გულებში ცოცხალი გამოხმაურება პოვა. მუსიკალურ ნომრებთან ერთად, მსახიობებმა ღრმა ემოციით წარმოთქვეს იმ დიდი ეპოქის პოეტებისა და მწერლების - კონსტანტინ სიმონოვის, ალექსანდრ ტვარდოვსკის, რობერტ როჟდესტვენსკის და ვლადიმირ ვისოცკის - უკვდავი სტრიქონები. საღამოს სტუმრებმა - დიპლომატიური კორპუსის, საქმიანი და აკადემიური წრეების, საზოგადოებრივი და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რუსმა თანამემამულეებმა - აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს თითოეული წარმოდგენა.
ჩვენი საერთო ისტორიის, დიდი სამამულო ომის გმირული გვერდების წმინდა პოეტური მოგონებები სამუდამოდ დარჩება რუსეთისა და საქართველოს ხალხების გულებში", - ნათქვამია სექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესრულდა სიმღერები "კატიუშა" და სხვები
ფეისბუკვერდმა "საქართველო ტელეკომპანია "მირ"-ის ობიექტივში/ ყველაფერი საქართველოს შესახებ" გაავრცელა ამონარიდები წარმოდგენიდან და რამდენიმე ინტერვიუ მსახიობებთან. რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) სტუდენტი დანიილ კორნეევი კომენტარში ამბობს, რომ "ძალიან მშობლიურად" მიიღეს. "თითქოს ეს არ არის სხვა ქვეყანა. სხვა ქალაქი, თითქოს არც არსად წავსულვართ, ვიყავით და ვიქნებით სულ".
რას პასუხი აქვს რუსთაველის თეატრს
რუსთაველის თეატრის დირექტორთან დაკავშირება რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კულტურის სამინისტროში განაცხადეს რომ "ეს იყო იჯარა - სცენა გაცემული იყო იჯარით".
"TV პირველთან" სატელეფონო საუბარში თეატრის დირექტორი გია თევზაძე ამბობს, რომ წარმოდენას სცენა იჯარის საფუძველზე დაუთმეს.
„ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, ეს „გიტისის" სტუდენტები იყვნენ... ჩვენ არავის დაგვიკარგავს ამ ომში? ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რასაკვირველია, [მომავალშიც] მივაქირავებთ ფულის გამო", - ეუბნება თეატრის დირექტორი "TV პირველს".
წარმოდგენამ შეკითხვები გააჩინა
წარმოდგენას საზოგადოების ნაწილის კრიტიკული შეფასებები და შეკითხვები მოჰყვა. "სოციალური სამართლიანობის" ცენტრის დირექტორმა თამთა მიქელაძემ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა:
"ცხადია, რომ მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება თავისთავად პრობლემური არ არის, ეს ჩვენი ხალხის მძიმე გამოცდილება იყო და მას დანახვა, შესწავლა და ტრავმის და მსხვერპლის აღიარება სჭირდება, მაგრამ პრობლემურია მისი კრემლისეული, კოლონიური პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. და სწორედ ამიტომ ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა, საერთოდ იფიქრა ვინმემ თეატრში ან სამინისტროში, რას ნიშნავს დღეს კრემლის პროგრამით ორგანიზებული მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში?"
რუსეთის დამოკიდებულება მეორე მსოფლიო ომისადმი
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში მეორე მსოფლიო ომი, როგორც მას დღემდე მოიხსენიებს რუსეთის ხელისუფლება - დიდი სამამულო ომი და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო ისტორიის ნაწილია, რომელიც აერთიანებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხს.
ბოლო წლებში ნაცისტურ გერმანიასთან ომში საბჭოთა გამარჯვება რუსეთში სახელმწიფო იდეოლოგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა, ხოლო „გამარჯვების კულტმა“ კვაზირელიგიური ნიშნებიც შეიძინა. ერთგვარი კულმინაცია იყო 2022 წელი, როცა უკრაინაში შეჭრის წინ პუტინის პროპაგანდა ღიად იმუქრებოდა: „ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ!“