„ძვლები იყო დარჩენილი და სათვალე“... აფხაზეთიდან 11 ცხედარი გადმოასვენეს

სამების ტაძარი

ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე - 18-19 მაისს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ისინი აფხაზეთის ომის დროს, 1992-1993 წლებში, დაიღუპნენ.

გურამ ზარანდია ფოტოზე შვილებთან ერთადაა. შვილები "წითელმა ჯვარმა" უფრო ადრე გადმოასვენა. უკვე წლებია, ეს საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებს.

სვეტლანა და შალიკო კოხიების კუბოები გვერდიგვერდ დგას. ფოტოზეც ერთად არიან. ისინი გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩაში ცხოვრობდნენ.

შალიკო და სვეტლანა კოხიები

1993 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის აღებიდან ორი დღის შემდეგ, მეზობლებთან ერთად აფხაზეთის დატოვებას ცდილობდნენ. ზუგდიდისკენ წამოსულებს, სოფელ კინდღში ავტომატიანი ხალხი დახვდათ.

ჭირისუფლები ჰყვებიან, რომ შალიკო კოხია და მისი მეუღლე, ასევე შალიკოს სამი ძმა: ხოთო კოხია, ამირან კოხია და გივი ჯალაღონია ერთად დახოცეს. დახოცეს მათი მეზობლებიც.

„ბოლო წუთამდე არ მოდიოდნენ ვარჩადან. იძახდნენ, აფხაზები რას გვერჩიანო. ოთხივე ძმამ ერთმანეთს აუბა მხარი და დარჩნენ. როდესაც მაინც წამოვიდნენ, გზაზე დახვდნენ და დახვრიტეს. ცოცხლად გადარჩენილმა მოხუცმა ქალებმა მოგვიყვნენ, რიგრიგობით გამოჰყავდათ და წამებით კლავდნენო. მერე ყველა ერთ ორმოში ჩაყარეს და ტანკით გადაუარეს. ძალიან მინდა ეს რუსებმა ნახონ, რომ იძახიან, ჩვენ რა შუაში ვართო, - ამბობს შალიკო კოხიას ძმისშვილი ინდირა წურწუმია. - ჩვენს სოფელში მოხუცი არ დატოვეს ცოცხალი. ბებიაჩემი ოლგა ტყებუჩავა სახლშივე დახვრიტეს. მერე ნაცნობები ჩავიდნენ და ორიოდე ძვალიღა იპოვეს, რომ დაემარხათ. კიდევ ერთხელ რომ მივიდნენ, ის საფლავიც ამოთხრილი იყო. ახალგათხრილ მიწას რომ ხედავდნენ, ეგონათ, რამეა დამალულიო და თხრიდნენ. 72 წლის იყო ბებია. პირველ საავადმყოფოში მუშაობდა ბებიაქალად. თავისუფლად ლაპარაკობდა აფხაზურად. რამდენი აფხაზი უმშობიარებია. არ ელოდა ამას, რატომ უნდა მომკლან, რა დამიშავებიაო, ამბობდა“.

კოხიებთან ერთად დაიღუპნენ სხვა ვარჩელებიც.

„მამაჩემი, ბიძაჩემი და ბიძაშვილი ერთად დაიღუპნენ: ომარ გოგია, შოთა ბერია და ვახტანგ ბერია. სამივე გადმოასვენეს ახლა“, - ამბობს ვახტანგ ბერიას შვილი ინეზა ბერია და სამ კუბოზე მიგვითითებს.

ავთანდილ მაკალათია სოხუმში, ეშბას ქუჩაზე ცხოვრობდა. ისიც 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეებში დაიღუპა. „აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს და ისევ აფხაზმა მეზობლებმა დაკრძალესო“, - გვიყვება მისი შვილი ინდირა მაკალათია, მაშინ ის 12 წლის იყო.

„მამაჩემი სოხუმის ჯარს ემსახურებოდა, მძღოლად მუშაობდა. 24 სექტემბერს ჩავარდა ტყვედ და 25 სექტემბრის დილას დახვრიტეს. არ ვიცოდით მკვდარი რომ იყო. ვეძებდით, მაგრამ სანამ პირველი მეზობელი არ ჩამოვიდა სოხუმიდან, ვერაფერი გავიგეთ. მეზობელმა მოჰყვა, ბრძოლები იყო და სამი დღე ვერ მივედით ცხედართანო. თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. სახეზე ვეღარ და ფორმით იცნეს. ეზოში დამარხეს. ძალიან კარგად მახსოვს მამა, მისი წასვლაც მახსოვს, სოხუმი არ დაეცემა, მე მალე მოვბრუნდებიო“.

ავთანდილ მაკალათიას დედა, 96 წლის თალიკო მიმინოშვილი, შვილის ცხედართან ზის. ისიც მის წასვლას იხსენებს.

თალიკო მიმინოშვილი

„არც ცოლს დაუჯერა, არც მე. ჩიტივით გაგვიფრინდა. ბიჭები მიდიოდნენ მანქანით. დაუქნია ხელი. გავეკიდე, არ მინდოდა რომ წაჰყოლოდა. გაუჩერეს და დაახტა იმ მანქანას. ვიკივლე, ვუძახე, მაგრამ ვინ გაგაგონა. წავიდა და წავიდა, მაგის მერე არ მინახავს“.

57 წლის ოთარ ვასაძე ბაბუშერაში ცხოვრობდა. ის სამ მეზობელთან ერთად 1993 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს. მერე ოთხივე ერთ-ერთი მეზობლის ეზოში დამარხეს.

„დიდი შეღავათია ჩემთვის, რომ საფლავი მექნება. დღეს შემიყვანეს პროზექტურაში. ძვლები იყო დარჩენილი, სათვალე და რაღაც. მაინც მოვეფერე, როგორც იციან ხოლმე“, - ამბობს მისი შვილი ნინო ვასაძე.

1990-იან წლებში აფხაზეთის რეგიონში სამხედრო მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისას, ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან 334-ის ვინაობა დადგენილია. 1 900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული.

ასევე ნახეთ

„საძმო სასაფლაოზე ვკრძალავთ, გმირები იქ იმარხებიან“ - აფხაზეთიდან 23 ადამიანი გადმოასვენეს