19 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე“.
„თუ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ამ ტენდენციის გაუმჯობესებას, ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, - თქვა პრემიერმა.
მანამდე განაცხადა, რომ 2012 წელთან შედარებით აბორტების რაოდენობა „30%-ით არის შემცირებული“, რაც დაუკავშირა მართლმადიდებელი ეკლესიის ქადაგებებს.
ასევე ნახეთ
„აბორტის კანონის გამკაცრებით მეტი ბავშვი ვერ დაიბადება“ - რას პასუხობენ შიო მესამეს ექიმები, მკვლევრები- 2026 წლის 17 მაისს სამების ტაძრის ეზოში საქართველოს 142-ე პატრიარქმა, ახლადაღსაყდრებულმა შიო მესამემ განაცხადა:
- „თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი, როგორიც, მაგალითად, არის აბორტი, მაშინ... განწირულია ასეთი ოჯახი“.
- „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თქვეს, რომ პატრიარქის ეს გზავნილი, ამ ეტაპზე, არ გულისხმობს აბორტის შესახებ კანონის საკანონმდებლო დონეზე ცვლილებას.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს არ ყოფილა პატრიარქის პირველი ქადაგება აბორტთან დაკავშირებით და ამ ქადაგებებს „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებისთვის“.
2016 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში აბორტების რიცხვი წლიდან წლამდე იკლებს.
რადიო თავისუფლებას მკვლევრები და ექიმები ეუბნებიან, რომ შობადობის გაზრდის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი გზა აბორტის აკრძალვა არ არის და პირიქით, ამას სირთულეები ახლავს თან, მათ შორის ქალთა სიკვდილიანობა.