ზელენსკიმ და სიბიჰამ საქართველოსთან ურთიერთობის "ნორმალიზაციისთვის" მზადყოფნაზეც ილაპარაკეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა. 19 მაისი, 2026 წელი

„ანდრი სიბიჰამ მომახსენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ მივისწრაფვით ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ნორმალიზაციისკენ, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე და მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად“, - დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან თათბირის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეხვედრაზე იმსჯელეს უკრაინის მაის-ივნისის პერიოდის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებზე ევროპასთან ურთიერთობის კონტექსტში. პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებით, უკრაინა ჯგუფების დონეზე აწარმოებს "აქტიურ დიალოგს" უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან:

"არის ურთიერთობების კონსტრუქციული გადატვირთვის პერსპექტივა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ემზადებიან უნგრეთთან ორმხრივი კონსულტაციებისთვის. მაქვს შედეგების მოლოდინი".

ზელენსკი აღნიშნავს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის "მკაფიო გრაფიკით" წარმართვის მნიშვნელობას, რაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შემდეგი კლასტერის გახსნას ეხება:

"უკრაინამ გადადგა აუცილებელი ნაბიჯები და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პროცესების მკაფიო გრაფიკი".

ასევე ნახეთ

საქართველო არ შეუერთდა ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ

19 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილა ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის შესაძლო ჩართვის საკითხზეც:

"ეს ამოცანები ჯერჯერობით არასაჯაროა. მოველით, რომ ევროპა იქნება ძლიერი და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საერთოევროპული პოზიციები და ინტერესები ისევე იყოს გათვალისწინებული, როგორც უკრაინისა“.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ერთმანეთს ბოლოს 15 მაისს მოლდოვის დედაქალაქში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის ფარგლებში შეხვდნენ. ამ შეხვედრას წინ უძღოდა სიბიჰას და ბოჭორიშვილის 6 მაისის სატელეფონო საუბარი და 4 მაისს ერევანში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის კულისებში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის დერეფანში გასაუბრება, რომელსაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ.

ასევე ნახეთ

გვაქვს კითხვის ნიშნები, მცდელობები პოზიტიურია, დანარჩენს დრო აჩვენებს - ბოჭორიშვილი კიევთან კომუნიკაციაზე