Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვაქვს კითხვის ნიშნები, მცდელობები პოზიტიურია, დანარჩენს დრო აჩვენებს - ბოჭორიშვილი კიევთან კომუნიკაციაზე

ფოტოზე: ვოლოდიმირ ზელენსკი, ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი.  ერევანი. 4 მაისი
ფოტოზე: ვოლოდიმირ ზელენსკი, ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი. ერევანი. 4 მაისი

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ დადებითად აფასებს იმას, რასაც „უკრაინული მხარის მხარიდან დიალოგის გაგრძელების მცდელობებს“ უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ თბილისს კიევთან „კითხვის ნიშნები“ აქვს და ამიტომაც დადებითად აფასებს განახლებულ კომუნიკაციას.

ეს ბოლო ორ კვირაში ორი ქვეყნის მინისტრების რიგით მესამე საუბარია (სატელეფონო საუბრის ჩათვლით), - რაც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არ მომხდარა.

პარასკევს, 2026 წლის 15 მაისს, მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიი სიბიჰა კიშინიოვში შეხვდნენ ერთმანეთს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში.

უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „თანმიმდევრულად და მტკიცედ“ უჭერს მხარს უკრაინას.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე თქვა, რომ ანდრიი სიბიჰასთან დღევანდელი შეხვედრის ინიციატორი თავად იყო.

„მნიშვნელოვანია სწორი აღქმა“

„საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს და, შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ერთგულები ვიქნებით ჩვენი ამ პოზიციის“, - საგარეო უწყების გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

იქვე ხაზი გაუსვა, რომ „მნიშვნელოვანია, უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს ქართულ საზოგადოებაში“ .

ასევე თქვა, რომ გულისხმობს „იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით“.

მაკა ბოჭორიშვილს არ დაუზუსტებია, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობდა.

  • „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად საყვედურობდნენ კიევს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით;
  • მწვავედ რეაგირებდნენ კიევის წარმომადგენლების ბრალდებებზე „ქართული ოცნების“ „პრორუსულობის“ შესახებ და გააკრიტიკეს ელჩის გაწვევა თბილისიდან, ასევე, საქართველოს ელჩის გაძევება;
  • ამასთან, უკრაინის სხვადასხვა თანამდებობის პირს ადანაშაულებდნენ „ომში ჩათრევის“ მცდელობებში - რაც ნაწილი გახდა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულების თეორიისა.

„კითხვის ნიშნები გვაქვს“ - ბოჭორიშვილი

მინისტრმა გაიმეორა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს:

„თუმცა გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურებოდა ის დამოკიდებულება, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ნახა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში და ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში, რამაც სამართლიანი განწყობები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, „ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მოითხოვს განხილვებს და პოზიციების შესაბამისად დაფიქსირებას“.

მინისტრის განცხადებით, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, შეხვედრები გაიმართოს და „უკრაინულ მხარეს სწორი აღქმა ჰქონდეს ჩვენს მოლოდინებზე“.

შემდეგ ისაუბრა იმის მნიშვნელობაზე, რომ „საქართველოსთან დამოკიდებულება იყოს სამართლიანი“ და გაიმეორა ხელისუფლების პოზიცია, რომ თბილისი ერთგულად უჭერს მხარს კიევს:

„საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული, ამ წლების განმავლობაში თანმიმდევრულია. ჩვენ არასდროს არ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაიმსახურებდა რაიმე სახის უკმაყოფილებას ან კრიტიკას უკრაინული მხრიდან. თუმცა ჩვენ ასეთი ბევრი მოვისმინეთ. ამიტომ საჭიროა, ეს ყველაფერი იყოს სათანადოდ განხილული“, - განაცხადა მინისტრმა.

„გავაგრძელებთ კომუნიკაციას“

ბოჭორიშვილის თქმითვე, საქართველო გააგრძელებს უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას.

„ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარის მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია“, - განაცხადა მან და დასძინა:

„დანარჩენს დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით“.

  • გაიმეორა, რომ თბილისისთვის შემდეგი რამ არის გადამწყვეტი: „საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული, სხვანაირად წარმოუდგენელია ნებისმიერ ურთიერთობაში ნორმალიზაცია“.

თბილისი-კიევის ბოლოდროინდელი კონტაქტები

  • 15 მაისის შეხვედრამდე, 6 მაისს, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს;
  • ორი დღით ადრე კი - 4 მაისს - ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე საგარეო მინისტრები.

4-6 მაისის შეხვედრები და სატელეფონო საუბარი ლიდერებს შორის კიევისა და თბილისის ურთიერთობების ტენდენციიდან გადახვევაა.

უკრაინასა და საქართველოს დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ. წლების განმავლობაში მათ ელჩები არ ჰყავდათ ერთმანეთთან მივლენილი და დროებითი რწმუნებულების დონეზე აგრძელებდნენ ურთიერთობებს.

საქართველოს ახლაც არ ჰყავს ელჩი უკრაინაში; უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას 26 იანვარს მოაწერა ხელი, თუმცა შერჩეული დიპლომატი, მიხაილო ბროდოვიჩი, ჯერ თბილისში არ ჩამოსულა.

  • 8 მაისს კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, - როდესაც "ტვ პირველთან" ისაუბრა თბილისსა და კიევს შორის ბოლო პერიოდში მაღალ დონეზე კონტაქტების აღდგენის ნიშნებზე, ახსენა „ჰუმანიტარული საკითხებიც“.
  • „ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში“, - განაცხადა მან.
  • „ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, მისი პატიმრობა არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის რუსეთის ფედერაციის პრობლემა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG