ევროკავშირის საგარეო დახმარება სულ უფრო მეტად დაეფუძნება კონტექსტის ანალიზს - "საგარეო პოლიტიკა შეუძლებელია სენტიმენტალური იყოს"

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი

განვითარებადმა ქვეყნებმა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს ან ირანს, შესაძლოა დაკარგონ ევროკავშირის დახმარება, ევროპულმა კომპანიებმა კი მიიღონ პრეფერენციები დაფინანსების მოსაზიდად.

ონლაინგამოცემა Euractive-ის თანახმად, ამის შესახებ ორშაბათს ბრიუსელში განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

18 მაისს ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის განვითარების მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ევროკავშირის საგარეო დახმარების სტრატეგიაზე იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი ხელს შეუწყობს ინსტიტუტების განმტკიცებას, საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, სამუშაო ადგილების შექმნას და კვლავ ადასტურებს ადამიანის უფლებებისადმი, გენდერული თანასწორობისადმი, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისადმი ერთგულებას, რაც "არის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი".

კაია კალასის სიტყვებით, საჭიროა, ბლოკი „უფრო სტრატეგიულად“ მიუდგეს საგარეო დახმარების დაფინანსებას სულ უფრო მასშტაბური გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და კონფლიქტის ეპოქაში:

„თუკი პარტნიორი მხარს უჭერს რუსეთს ან ირანს, მაშინ უფრო მეტი მოქნილობა გვმართებს, რომ ჩვენი მონაწილეობა შევცვალოთ“.

მისივე განცხადებით, თუკი ამა თუ იმ პარტნიორი ქვეყნისთვის გათვალისწინებული დახმარების პროექტების დაფინანსება "სინამდვილეში, ჩვენს კონკურენტებთან მიდის, მაშინ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ - როგორ ჩავიხედოთ საქმეში“.

ევროკავშირის ხელმძღვანელობა ქმნის ბლოკის 300 მილიარდი ევროს ოდენობის გეოპოლიტიკური ინვესტირების სტრატეგიას - „გლობალურ კარიბჭეს“ (Global Gateway), ევროკავშირის მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტში. ბოლო ხანს კამათს იწვევს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც სენეგალში ხორციელდება და რომლის ღირებულება 320 მილიონ ევროს აჭარბებს. თანხა გადაეცემა ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანიას, რომელიც შემჩნეულია უცხოური სუბსიდიების შესახებ ბლოკის რეგულაციების დარღვევაში.

ევროკომისარმა განვითარების საკითხებში იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ევროპული პრეფერენციები უნდა ჩაიდოს ევროკავშირის მიერ განვითარების დახმარების საფუძველში. „მსოფლიოში, სადაც ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა და მიწოდების ჯაჭვები ძალაუფლების ინსტრუმენტად იქცა, საგარეო პოლიტიკა შეუძლებელია სენტიმენტალური იყოს“.

ევროპარლამენტარები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ევროკავშირის დახმარება არ უნდა იყოს მიბმული ევროკავშირის კომპანიებთან, რითაც ევროპაში კონკურენციას სიღარიბის აღმოფხვრაზე მაღლა აყენებენ.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევო გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროკავშირი არ უნდა გამოეთიშოს განვითარებისთვის დახმარებას მაშინ, როცა აშშ ამცირებს დახმარებას:

„ევროპამ არ უნდა დატოვოს სიცარიელე... ასეთ შემთხვევაში მას სხვა ქვეყნები დაიკავებენ, რომლებიც უფრო პრაგმატულ მიდგომას მისდევენ“.

18 მაისს ევროკავშირის საბჭომ დაასკვნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან განვითარების მხარდაჭერა მიმართული იყოს მყიფე და კონფლიქტით დაზარალებული არეალებისკენ. ორშაბათის შეხვედრის დასკვნებში ხაზი გაესვა აგრეთვე იმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედება კვლავაც უნდა იყოს თანმიმდევრული, კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე და უნდა ეფუძნებოდეს კონტექსტის ძლიერ ანალიზს.