პუტინი პეკინში ჩავიდა - რუსეთიდან ჩატანილ მის ლიმუზინს სანომრე ნიშანი ჩინურით შეუცვალეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. 19 მაისი, 2026. პეკინი

19 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასი" წერს, რომ ვიზიტის უმთავრესი ღონისძიება იქნება ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის მიერ ყველაზე აქტუალური საერთაშორისო პრობლემების განხილვა "ჩაის სმისას".

აეროპორტში პუტინს დახვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

"მისალმების მოკლე ცერემონიის შემდეგ, პუტინი ჩაჯდა საპრეზიდენტო Aurus-ში და გაემგზავრა მისთვის განკუთვნილ სახელმწიფო რეზიდენციაში. საკუთარი რუსულნომრიანი ავტომანქანით სახელმწიფოს მეთაური, ჩვეულებრივ, გადაადგილდება ნებისმიერი მოგზაურობისას, მათ შორის საზღვარგარეთ. ასეა ახლაც: პრეზიდენტის ლიმუზინი საგანგებოდა რუსეთიდან ჩაიტანეს, თუმცა სანომრე ნიშნები ჩინურით შეცვალეს", - წერს სააგენტო "ტასი".

კრემლის ოფიციალური საიტის თანახმად, ვიზიტი ეძღვნება რუსეთსა და ჩინეთს შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის 25 წლისთავს. ორი სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ რუსეთისა და ჩინეთის განათლების წლების (2026-2027) გახსნის საზეიმო ცერემონიაში. ხელი მოეწერება ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას და მთავრობათაშორის დოკუმენტებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი ციანთან შეხვედრაზე განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივას.

ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუა“ წერს, რომ ეს არის ვლადიმირ პუტინის ოცდამეხუთე ვიზიტი ჩინეთში და რომ 2026 წელს აღინიშნება ჩინეთ-რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 30-ე წლისთავი. სააგენტოს სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ორი მხარე გააგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას, „მსოფლიოსთვის მეტი სტაბილურობისა და პოზიტიური ენერგიის მისაცემად“.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამგზავრებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ „რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა მართლაც უპრეცედენტო დონეს მიაღწია“, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ „დიდი ხანია გადააჭარბა 200 მილიარდ დოლარს. ურთიერთანგარიშსწორება თითქმის მთლიანად რუბლებსა და იუანებში ხორციელდება“. მან ილაპარაკა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. პუტინმა აგრეთვე განაცხადა:

„რუსეთ-უკრაინის სტრატეგიული კავშირი მნიშვნელოვან, მასტაბილიზებელ როლს თამაშობს მსოფლიო ასპარეზზე. ამასთან, ჩვენ არ ვმეგობრობთ ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვმუშაობთ მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის.

სწორედ ამ ლოგიკით მოსკოვი და პეკინი კოორდინირებულად გამოდიან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მუხლების დასაცავად, მათი მთელი სისრულით, ერთობლიობითა და ურთიერთკავშირით, მხარს უჭერენ აქტიურ თანამშრომლობას გაეროს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ბრიქსისა და სხვა მრავალმხრივი სტრუქტურების ხაზით, რითაც წვლილი შეაქვთ მსოფლიო და რეგიონული პრობლემების მოგვარებაში.“

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს თანახმად, 2025 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 228 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და ჩინეთი ზედიზედ 16 წელია რჩება რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.

რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ რუსეთი ფლობს არაერთ უპირატესობას ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის და რომ ჩინელებს აქვთ "უზარმაზარი" ინტერესი - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ააშენონ დატა-ცენტრები:

"მსოფლიო ახლა შეუდგა იმის გააზრებას, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ყველაზე იაფი ენერგეტიკა რუსეთია. ვაჩვენებთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა შეიძლება რამდენჯერმე იაფი იყოს, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანანში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი დატა-ცენტრებს განვალაგებთ ჩრდილოეთის რეგიონებში, სადაც არ არის საჭირო ხარჯის გაწევა კონდიცირებაზე და სხვა გასავლები", - განუცხადა დმიტრიევმა რუსეთის "პირველ არხს". რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სტუმრობდა აშშ-ის პრეზიდენტი. ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი პეკინში 2017 წლის შემდეგ. დონალდ ტრამპმა სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია.

თეთრი სახლის განცხადებით, „ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაში, გამოვიდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნის მოწოდებით და განაცხადეს, რომ არც ერთ ქვეყანას ან ორგანიზაციას არ უნდა ჰქონდეს უფლება სრუტეში გავლაზე ბაჟი დააწესოს. აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მათი საერთო მიზანია ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია.