ჩინეთის და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განმტკიცების შესახებ“ და დეკლარაციას „მრავალპოლარული მსოფლიოსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების“ შესახებ.
- რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2"-ის მშენებლობის ვადებზე შეთანხმება ისევ არ არის.
„ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განმტკიცების შესახებ“ ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი პუნქტი ეხება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მექანიზმების სრულყოფას, ჩინეთის და რუსეთის შეიარაღებული ძალების „ტრადიციული მეგობრობის" შემდგომ განმტკიცებას, ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაფართოებას, სხვადასხვა საფრთხეზე ერთობლივ რეაგირებას და გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.
რაც შეეხება დეკლარაციას, მას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა „კონცეპტუალური და პროგრამული" უწოდა.
დოკუმენტებს 20 მაისს პეკინში მოაწერეს ხელი ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მანამდე გაიმართა მათი და სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკებები.
ასევე ნახეთ
ტრამპის ნაკვალევზე - ვლადიმირ პუტინი პეკინში მზარდად დისპროპორციული ურთიერთობების გასამყარებლად მიდისჩინეთის და რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ საკითხებში, რომლებიც ერთმანეთის ძირეულ ინტერესებს და შეშფოთებას ეხება და განაგრძონ სტრატეგიული დიალოგი და კონტაქტები ყველა დონეზე.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები „უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა", ერთმანეთთან ვაჭრობა კი ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორების შედეგად დაცულია გარედან ზემოქმედებისა და მსოფლიო ბაზრებზე არსებული პრობლემებისგან.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ჩინეთში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და მზად არის საიმედო მიწოდება გააგრძელოს.
სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ განიხილეს „აქტუალური საერთაშორისო საკითხებიც“. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე უშაკოვმა მედიას განუცხადა, რომ ლიდერები უკრაინისა და ირანის თემასაც განიხილავდნენ.
ჩინეთში პუტინის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, 20 მაისს პეკინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2027 წლის ბოლომდე აგრძელებს.
ასევე ნახეთ
თუკიდიდეს ჩიხი თუ სტრატეგიული სტაბილურობა - ვაჯამებთ ტრამპის ვიზიტს ჩინეთშიანალიტიკოსები ჩინეთში პუტინის ვიზიტის ერთ-ერთ მიზნად ასახელებდნენ პროგრესის მიღწევას გაზსადენ „ციმბირის ძალა 2"-ის ასაშენებლად. მოსკოვი ამ პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ევროპული ბაზრის დაკარგვის გამო.
20 მაისს პუტინის თანაშემწე უშაკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „როსიას" განუცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იყო პერსპექტიული ენერგოპროექტები და „რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე" შეთანხმდნენ კიდეც. რა არის ეს „მნიშვნელოვანი" უშაკოვს არ დაუკონკრეტებია.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 20 მაისს პეკინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ციმბირის ძალა 2"-ის მარშრუტის და მშენებლობის ძირითად პარამეტრებზე ურთიერთგაგებაა, დარჩენილია გარკვეული ნიუანსები და პროექტის რეალიზციის ვადები მკაფიოდ განსაზღვრული ჯერ არ არის.
- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 19 მაისს ჩავიდა.
- 13-15 მაისს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.