ვენის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო ავსტრიის სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი ეგისტო ოტი და ოთხი წლით და ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
63 წლის ოტი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისმა ადვოკატებმა ვენის სასამართლოს მიერ 20 მაისს გამოტანილი განაჩენი უკვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში.
- ოტს შესაძლოა, კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ბერლინში ჩეჩენთა საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთანაც.
ეგისტო ოტი ავსტრიის კონსტიტუციური წესრიგის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალურ სამსახურში მუშაობდა. ეს სამსახური ამჟამად გაუქმებულია.
გამოძიების თანახმად, 2015-2020 წლებში ოტი საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა რუს მზვერავებს და გერმანული გაბანკროტებული კომპანია Wirecard-ის ყოფილ ტოპ-მენეჯერს, ავსტრიის მოქალაქეს და სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტს, იან მარსალეკს. 2020 წელს მარსალეკი რუსეთში გაიქცა და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
გამოძიების ვერსიით, ეგისტო ოტის ინტერესის საგანი იყო ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საფრთხის გამო ქვეყნიდან გაქცეული მოქალაქეების შესახებ და მონაცემებს ევროპის სახელმწიფოების ბაზებიდან აგროვებდა. პროკურატურა ოტს ბრალს სდებს მოსკოვისთვის ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის მობილური ტელეფონების ნომრების გადაცემაშიც.
ეგისტო ოტი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ყოველთვის კანონის და ხელმძღვანელობის ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებდა.
ვენის სასამართლომ ოტი ჯაშუშობის გარდა, დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში.
სავარაუდო კავშირი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან
სააგენტო AFP საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით წერს, რომ ავსტრიელმა გამომძიებლებმა აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც ეგისტო ოტს აკავშირებს ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან.
ავსტრიის პროკურატურა ამ დოკუმენტს უწოდებს „ევროკავშირის ტერიტორიაზე მომავალი წარმატებული თავდასხმების სახელმძღვანელოს“.
2019 წელს ხანგოშვილის მკვლელობისა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის, ვადიმ კრასიკოვის დაკავებიდან ორ კვირაში ეგისტო ოტმა მოამზადა ოპერაციის წარუმატებლობის ანალიზი და რეკომენდაციები სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე მკვლელობების შესახებ.
სააგენტო dpa პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს დოკუმენტი არ ყოფილა მომზადებული ავსტრიის ხელისუფლების დავალებით, რადგან ავსტრია ადამიანების მკვლელობის დავალებებს არ გასცემს.
- საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.
- პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია.
- 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო.
- კრასიკოვი გერმანიაში გასამართლებიდან დაახლოებით სამ წელიწადში რუსეთს გადასცეს. 2024 წლის აგვისტოში რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ის და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე, მათ შორის ვადიმ კრასიკოვი.