დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ლევან ახობაძე. როგორც უწყებაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, კერძოდ - 250 000 ლარის.
რას ამბობს სუსი
უწყების თანახმად, საუბარია 2024 წლის აპრილში მომხდარ ფაქტზე, როცა ლევან ახობაძემ კერძო პირს, რომელსაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ჩამოართვეს, თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა და 250 ათასი ლარი მიიღო ქრთამის სახით. სუსის თანახმად, თანხა მას კაბინეტში გადასცეს.
პროცესში მონაწილეობდა გრიგოლ ლილუაშვილიც.
როგორ აღწერს სუსი საქმის შინაარსს
"[ლევან ახობაძისთვის] ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლის (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ოდენობით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, ჯარიმდება ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევით.
ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით, მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე უარი მიიღო.
ამის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა.
მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა".
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
სუსის თანახმად, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
რა ვიცით ლევან ახობაძეზე
ღია წყაროებში ლევან ახობაძის შესახებ მწირი ინფორმაცია იძებნება. ასევე არ იძებნება სუსის უფროსის მოადგილედ მისი მუშაობის წლები, რის გასარკვევადაც რადიო თავისუფლება უწყებას დაუკავშირდა.
სუსის საიტზე გვხვდება ინფორმაცია რამდენიმე შეხვედრისა და ღონისძიების შესახებ, რომლებშიც ლევან ახობაძეც მონაწილეობდა.
ლევან ახობაძის სახელს 2021 წელს ახსენებდა იმჟამად ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია, როდესაც, მისი მტკიცებით, სამსახურის უკანონო მიყურადების შედეგად გაკეთებული ჩანაწერების სკრიპტებს ტელეკომპანიის ეთერში კითხულობდა.
ნიკა გვარამია ამბობდა, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუსის უფროსები იყვნენ ჩართული.
"... სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ახობაძე, ეს ადამიანი 2020 წელს იყო სუდის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის, სწორედ იმ დეპარტამენტის, რომელიც ამ ყველაფერს ახორციელებს, ხელმძღვანელი. 2020 წლის შემდეგ ის დააწინაურეს, დანიშნეს სუსის, ანუ ლილუაშვილის მოადგილედ და სუდის კურატორად", - თქვა გვარამიამ თავის გადაცემაში 2021 წლის 1 აგვისტოს.
ასევე ნახეთ
სუს-ი არ აპირებს კომენტარის გაკეთებას სავარაუდო მასობრივი თვალთვალის დოკუმენტებზესახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოგვიანებით თქვეს, რომ "აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ."
ახობაძის ადვოკატი ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება
ქრთამის აღებაში ბრალდებული ლევან ახობაძის ინტერესებს ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი დაიცავს. ეს ინფორმაცია მან "ტვ პირველს" დაუდასტურა სატელეფონო კომენტარში და აღნიშნა, რომ ახობაძე დღეს, 22 მაისს, დილით თავის სახლში დააკავეს.
რადიო თავისუფლებას რაჟდენ კუპრაშვილმა ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად მოსწერა, რომ “მოგვიანებით ყველა კითხვაზე” გასცემს პასუხს, “ახლა დაკავებულია”, რისთვისაც ბოდიშს იხდის.
ასევე ნახეთ
ანტიკორუფციული ბიურო: გზა ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გაუქმებამდერაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს 2023 წლის 10 თებერვლიდან უწყების გაუქმებამდე - 2026 წლის 2 მარტამდე - იკავებდა. ის თანამდებობაზე დანიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. მან ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
ანტიკორუფციული ბიურო და ლილუაშვილის დეკლარაცია
ბიურომ თავის დროზე დარღვევები ვერ დააფიქსირა სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დეკლარაციებში. იგი ახლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
„მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც. ყოველწლიურად გადის ეს ხალხი მონიტორინგს. არანაირი დარღვევები გამოვლენილი არ არის. მათი დეკლარაცია სრულიად მოდის თანხვედრაში“, - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა 2025 წლის ივლისში, მაღალჩინოსნების დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ჟურნალისტები მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუმპირებულობის შესახებ სვამდნენ კითხვებს.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეები
სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას „ბრალად ედება ქრთამის აღება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე“.
კორუფციის ბრალდებით, სუსმა გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის წევრებიც მისცა პასუხისგებაში.
სუსის უფროსობამდეც და მას შემდეგაც, ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წარმომადგენლად და განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილ ფიგურად მიიჩნეოდა. წლების განმავლობაში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში - „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად თუ „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.
2016 წელს ლილუაშვილი პარლამენტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა [ვანი და ხონი], ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან, სუსში ვახტანგ გომელაურის მოადგილე იყო.
2019 წლის 17 ოქტომბერს, პარლამენტმა სუსის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი 85 ხმით დაამტკიცა, სხდომაზე ზეპირი განხილვისა და კითხვა-პასუხის გარეშე. მმართველ პარტიაში ითქვა, რომ ეს პროცედურა საჭირო აღარ იყო - კანდიდატის მანამდე გამოვლენილი დამაჯერებელი კომპეტენციების გამო. ამას აპროტესტებდა ოპოზიცია.