სახელმწიფო დუმის სპიკერი ფაშინიანს „ფლიდობასა“ და „არაკეთილსინდისიერებაში“ ადანაშაულებს

ნიკოლ ფაშინიანი და ვიაჩესლავ ვოლოდინი. 20 აპრილი, 2022 წელი

რუსეთის პარლამენტის - სახელმწიფო დუმის - სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა და „არაკეთილსინდისიერებასა“ და „ფლიდობაში“, ასევე „რუსეთის ფედერაციის მიმართ არამეგობრული პოლიტიკის გატარებასა და ჩვენი ქვეყნის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების ცინიკურად გამოყენებაში“ დაადანაშაულა.

ამის მიზეზები, კერძოდ, იყო სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის აღიარება - სასამართლოს ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.

„ჩვენ აღარ შეგვიძლია დუმილი სომხეთში მიმდინარე პროცესებზე“, - წერს ვოლოდინი და პარალელებს ავლებს უკრაინასა და სომხეთში განვითარებულ მოვლენებს შორის. ვოლოდინი მიიჩნევს, რომ ფაშინიანმა აირჩია „ურთიერთობების დამყარება რუსეთის მიმართ არამეგობრულ ქვეყნებთან“, რომლებიც „ცდილობენ რუსეთის ფედერაციის განადგურებას“.


ერევანს ამ განცხადებებზე ჯერ არ უპასუხია.

რუსეთის ხელისუფლება ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს სომხეთის ხელმძღვანელობას და პირადად ფაშინიანს.

მას აკრიტიკებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ბოლო ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებების, ასევე სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების გამო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მოსკოვი სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს და აღნიშნა, რომ სომხეთს შეუძლია რეფერენდუმის ჩატარება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAEU) დარჩენის ან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მან ასევე პარალელები გაავლო უკრაინასთან და განაცხადა, რომ უკრაინის პრობლემები (მათ შორის, როგორც ჩანს, რუსეთის შეჭრა) ევროკავშირში გაწევრიანების სურვილით დაიწყო.

22 მაისის მდგომარეობით, „როსსელხოზნადზორმა“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) შეზღუდვები დააწესა სომხეთიდან ყვავილების იმპორტზე. სააგენტოს ცნობით, სომხეთიდან 96,2 მილიონი ყვავილის გადაზიდვისას 132 დარღვევა გამოვლინდა. 2025 წელს ქვეყანამ ყვავილების ექსპორტიდან 49,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 46 მილიონი დოლარი რუსეთისთვის მიწოდებაზე მოდიოდა.

„როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელმა, სერგეი დანკვერტმა, განაცხადა, რომ სააგენტომ სომხეთიდან არა მხოლოდ ყვავილების, არამედ ხილისა და ბოსტნეულის გადაზიდვებთან დაკავშირებითაც აღმოაჩინა პრობლემები.


სომხეთში ამჟამად საარჩევნო კამპანია იმართება.

ფაშინიანის მხარდამჭერები ოპოზიციურ ძალებს უპირისპირდებიან. 22 მაისს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს პარტია „დედა სომხეთის“ ოფისში, ასევე პარტიის ლიდერის, ანდრანიკ თევანიანისა და პარლამენტის წევრის, მართუნ გრიგორიანის ბინებში, იტყობინება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.


ორივე პარლამენტის წევრობის კანდიდატია „აყვავებული სომხეთიდან“. თევანიანი, რომელიც სიაში მეორე ადგილზეა, 2024 წლის სექტემბერში ე.წ. დონეცკის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიას ეწვია და ცნობილია თავისი პრორუსული შეხედულებებით. თევანიანის წინააღმდეგ 21 მაისს სომხეთში ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გამომძიებლების თქმით, თევანიანი უცხოური (როგორც კონტექსტიდან ჩანს, რუსული) სადაზვერვო სამსახურების მიერ იყო გადაბირებული. მანამდე, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ძლიერი სომხეთის“ ბლოკის პარლამენტის წევრობის კანდიდატის, ნარეკ კარაპეტიანის წინააღმდეგ. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მან დამალა ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეობის შესახებ. ის ბრალდებას უარყოფს.