თეატრი 2009 წლიდან არსებობს, 2010 წლიდან კი სადავოდ გამხდარი შენობა იჯარით აქვთ აღებული. ამ დროის განმავლობაში მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულება სამჯერ განახლდა, მეოთხედ 20 აპრილიდან უნდა გაგრძელებულიყო.
თეატრი 1800 კვ.მ სივრცე აქვს ათვისებული, რომელიც საკუთარი რესურსით აქციეს სამუშაო სივრცეებად - ამ ვალდებულების გათვალისწინებით, მათ ბიუჯეტში ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდათ.
„ჩვენ მუნიციპალიტეტს ერთი თვით ადრე მივმართეთ. ჩვენ ვთავაზობდით, გაეგრძელებინათ ჩვენთვის იჯარის ხელშეკრულება, მოვაწესრიგებდით შენობის ფასადს და დავამონტაჟებდით ცენტრალური გათბობის სისტემას. ამაზე პასუხი არ მიგვიღია“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან თეატრის შემოქმედებითი მენეჯერი, გეგი ლიპარტელიანი.
მისივე სიტყვებით, 21 აპრილს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მეორე დღესვე, მუნიციპალიტეტმა მისწერა წერილი და მოითხოვეს სივრცის დატოვება:
„რომ მიხვდნენ, რომ გავაგრძელეთ საქმიანობა, მუნიციპალიტეტის მართვის საფუძველზე, მოვიდა „ენერგო-პრო ჯორჯია“ [დენის მიმწოდებელი კომპანიია] და გათიშა [სპექტაკლის პრემიერის წინა პერიოდში] ელ. ენერგია. დავალიანება არ გვქონია“.
თეატრის საკითხზე სასაუბროდ რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე 22 მაისს თეატრის თანამშრომლებსა და მშობლებს შეხვდა. მან შეხვედრაზე თქვა, რომ მუნიციპალიტეტის შენობის გადაცემას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზანი: ან შენობა უნდა გარემონტებულიყო ან უფასო სერვისი ჰქონოდათ ბავშვებს.
პასუხად მას ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ „ძალიან ბევრი ბავშვი მიგვიღია, ვის ოჯახსაც არ ჰქონია ფინანსური საშუალება“. მერის თქმით, „ამას ისე ნუ შევრაცხავთ, რომ ეს დიდი გმირობაა“.
„იმედით მოვედით აქ, რომ ადამიანურად დაგვხვდებოდით და ამდენი ბავშვის ინტერესებს დაიცავდით“, - უთხრა შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა მერს.
ამ შეხვედრის შემდეგ რუსთავის მერიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც წერია, რომ „თეატრ ბრავოს“ სთავაზობენ „რუსთავის მუნიციპალური პროფესიული დრამატული თეატრის მცირე სცენას... სექტემბრიდან, კი კულტურის სახლის ახალ შენობაში, უსაფრთხოდ გააგრძელებენ საქმიანობას, რომელიც უყვართ“.
რადიო თავისუფლებას სურდა მერიიდან დამატებით კითხვებზეც მიეღო პასები:
- რატომ წამოიწია შენობის უსაფრთხოების საკითხმა მაშინ, როცა „თეატრ ბრაოს“ ხელშეკრულების ვადა ამოეწურა;
- რატომ არ სთავაზობენ მათ საპირწონე ალტერნატიულ ფართს;
- თუ არის დათვლილი, რა სარგებელს მიიღებს მუნიციპალიტეტი ამ შენობის გამოთავისუფლებით;
- და ა.შ.
რუსთაველის ქუჩაზე „თეატრ ბრავოს“ გვერდით მდებარე შენობების რეაბილიტაციის დროს გეგი ლიპარტელიანს კითხვა უჩნდება, თუკი შენობის უსაფრთხოების საკითხია წამოჭრილი, რატომ არ დაიწყო იგივე პროცესი იქაც.
თეატრი მერიას სთავაზობს, სადავოდ გამხდარი შენობის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას: მათ შორის საჭიროების შემთხვევაში გამყარებას და ფასადის მოწესრიგებას. გარდა ამისა, ისინი სხვა ანსამბლებს სივრცის დათმობასაც სთავაზობენ.