25 მაისს კიევში ჩავიდა ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელსაც ბელარუსის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ქვეყნის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევენ. სვიატლანა ციხანოუსკაიასთან ერთად კიევში იმყოფებიან ბელარუსის გარდამავალი კაბინეტის წარმომადგენლები.
- ეს კიევში ციხანოუსკაიას პირველი ვიზიტია ბელარუსში 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ლუკაშენკას მთავარი მეტოქე იყო და ოპოზიციის თანახმად, ის დაამარცხა კიდეც, თუმცა არჩევნების გაყალბების შედეგად გამარჯვებულად ისევ ლუკაშენკა გამოცხადდა.
- საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ სვიატლანა ციხანოუსკაია იძულებული გახდა ბელარუსი დაეტოვებინა. დასავლეთის არაერთი სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ციხანოუსკაიამ ემიგრაციაში შექმნა გარდამავალი კაბინეტი და ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერია.
25 მაისს სვიატლანა ციხანოუსკაია კიევში იმყოფებოდა თანამემამულე აქტივისტის, მარია ზაიცევას საფლავზე. ზაიცევა ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც მოხალისე, ჩეხეთში ეხმარებოდა უკრაინელ ლტოლვილებს, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და 2025 წლის იანვარში პოკროვსკთან დაიღუპა 24 წლის ასაკში.
სვიატლანა ციხანოუსკაიამ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო კიევში ვიზიტი დაეწყო პატივის მიგებით ადამიანისთვის, რომელმაც სიცოცხლე გასწირა უკრაინისა და ბელარუსის თავისუფლებისთვის და არა მხოლოდ დიქტატურისთვის წინააღმდეგობის გაწევის, არამედ უკრაინა-ბელარუსის სოლიდარობის სიმბოლოცაა.
ბელარუსის დემოკრატიულ ძალთა ლიდერმა კიევში თავად ნახა რუსული რაკეტებითა და დრონებით 24 მაისს განხორციელებული მასშტაბური შეტევის დამანგრეველი შედეგები.
ციხანიუსკაიას განცხადებით, ყოველი ასეთი დარტყმა აჩვენებს ნამდვილ არსს პუტინის რეჟიმის, რომელიც არ აღიარებს არც ადამიანების სიცოცხლეს, არც საერთაშორისო სამართალს და არც საზღვრებს. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა პასუხისმგებლობა დააკისრა ლუკაშენკასაც, რომელმაც რუსეთს მისცა აგრესიისა და იარაღის განთავსებისთვის ბელარუსის ტერიტორიის გამოყენების უფლება.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში გაიხსნება ბელარუსის დემოკრატიულ ძალთა ოფისი.
ასევე ნახეთ
მაკრონი ტელეფონით ესაუბრა ლუკაშენკას - 2022 წლის თებერვლის შემდეგ პირველად- სვიატლანა ციხანოუსკაია უკრაინაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია 2026 წლის იანვარში, ვილნიუსში გამართული მათი პირველი ოფიციალური შეხვედრის დროს.
- 2026 წლის მაისის დასაწყისში ციხანოუსკაიას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიჰა შეხვდა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.
- 15 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო დავალებათა ელჩ იაროსლავ ჩერნოჰორს დაავალა ბელარუსის ოპოზიციასთან კონტაქტების ხელმძღვანელობა.
სვიატლანა ციხანოუსკაია რამდენიმე წლის წინ აცხადებდა, რომ სურვილის მიუხედავად, კიევში ვერ ჩავა, სანამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის მხრიდან ოფიციალური მიწვევა არ ექნება.
უკრაინის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას და მას სანქციები მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დაუწესა.
ასევე ნახეთ
უკრაინამ ლუკაშენკას სანქციები დაუწესა2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისას რუსეთის ჯარების ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსიდან შევიდა. თვეების განმავლობაში რუსეთის ჯარები უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდანაც უტევდნენ.
უკრაინელების ნაწილი მოითხოვდა ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. უკრაინის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი კულება აცხადებდა, რომ ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს შეწყვეტენ, თუ უშუალოდ მისი შეიარაღებული ძალები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე.