აღმზრდელის დაკავებამდე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჯერ ბავშვის ბებიამ გაავრცელა, შემდეგ კი მას „ბრიტანულ-ქართულმა საბავშვო ბაღმა ABC“-მ უპასუხა.
„თითქმის ერთი თვეა ბავშვი ბაღიდან მოდის დაზიანებებით“, - დაწერა სოციალურ ქსელში ბავშვის ბებიამ და ბავშვის ფოტოები გამოაქვეყნა.
მისი სიტყვებით, ბავშვის დედა ბაღის ადმინისტრაციისგან მოითხოვდა, ეჩვენებინათ მისთვის ვიდეოჩანაწერები. პასუხად კი მიიღო, რომ ბავშვი თვითდაზიანებებს სათამაშოთი იყენებდა.
„იყო სრულიად გამაოგნებელი პასუხი, რომ ნაკაწრების გამო კამერებს ვერ შეამოწმებდნენ და საერთოდაც, ძალიან დაიღალა მისი პრეტენზიებით, ესაუბრა დამფუძნებლებს და გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ ხელშეკრულება - ბავშვს ნუღარ მოიყვან და დარჩენილი დღეების თანხას უკან გადმოგირიცხავთო“.
ამის შემდეგ გადაწყვიტა ოჯახმა პოლიციის ჩართვა - დარეკეს 112-ში და დაიწყო გამოძიება და დედამ შვილის ცემის ვიდეოკადრები ნახა:
„მითხრა, ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს შვილსო. როგორ ტირის ორი წლის ბავშვი და არავინ შველის... ბავშვს კისრით ათრევდა ეს მხეცი, თან ისე უჭერდა ფრჩხილებს, რომ სისხლი სდიოდა“.
პოლიციას განცხადების გაკეთება დაასწრო ბაღის ადმინისტრაციამ. „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ მათ ჰქონდათ „დაუყოვნებლივი რეაგირება“ და მტკიცებულებები გადასცეს გამომძიებლებს.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბაღს რეაგირება არ ჰქონია, არ შეესაბამება რეალობას“, - პოსტს, რომელშიც ბაღის ადმინისტრაცია საკუთარ ვერსიას ავრცელებს, უარყოფითი შინაარსის კომენტარები წერია.
დაკავებული აღმზრდელის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის აღძრული. დანაშაული ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.