უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს ღამით უპასუხა რამდენიმე საათით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ოთხ წელზე მეტია რუსეთი კიევის წინააღმდეგ იყენებს რაკეტებისა და დრონების მთელ სპექტრს და დედაქალაქისა და სხვა ქალაქებისთვის საფრთხის საერთო დონე წინა წლების მსგავსია, ამიტომ „რუსეთის ახალი მუქარა სხვა არაფერია, თუ არა უსირცხვილო შანტაჟი“ და მოსკოვი ფაქტობრივად, აღიარებს, რომ მისი შეტევები მიმართულია უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის დაშინებისკენ.
უკრაინა მადლობას უხდის უცხოეთის ყველა დიპლომატიურ მისიას და დიპლომატებს, რომლებიც ომის დროს უკრაინაში მუშაობას განაგრძობენ და რუსეთის შანტაჟსა და მუქარებს უარყოფენ და მზად არის, დამატებით გააძლიეროს უცხოეთის დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება, თუ მათგან შესაბამისი მიმართვა იქნება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორებს და მოკავშირეებს შეახსენა, რომ კრემლის მუქარებზე საუკეთესო პასუხია აგრესორზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით.
ასევე ნახეთ
კიევი "ორეშნიკით" თავდასხმის შემდეგ: დანგრეულია სახლები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოპერა, მუზეუმები და ეკლესიებიუკრაინის დედაქალაქ კიევზე დიდი მსხვერპლისა და ნგრევის გამომწვევი მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც რუსეთის ჯარებმა რაკეტებითა და დრონებით 24 მაისს განახორციელეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები იწყებენ „თანმიმდევრულ სისტემურ დარტყმებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე კიევში“, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე და სამეთაურო პუნქტებზე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 25 მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, იმის გამო, რომ ეს ობიექტები მთელ კიევშია, უცხოეთის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აფრთხილებენ ქალაქის რაც შეიძლება სწრაფად დატოვების საჭიროების შესახებ, ხოლო კიევის მცხოვრებთ - არ მიუახლოვდნენ „ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს“.
რუსეთს, როგორც ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, „მოთმინების ფიალა აევსო“ მას შემდეგ, რაც 22 მაისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ სტარობელსკში დრონებით დაარტყეს ლუგანსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის კოლეჯის საერთო საცხოვრებელს.
რუსეთი, რომლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ომის დანაშაული არაერთი დოკუმენტითაა დადასტურებული, „ზელენსკის ხუნტას და მის დასავლელ სპონსორებს“, რომლებიც უკრაინის არმიას იარაღს აწვდიან, „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეშად უგულებელყოფაში“ ადანაშაულებს.
- სტარობელსკი უკრაინის ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილშია, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. რუსეთის თანახმად, კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სტარობელსკში რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფის, „რუბიკონის“ შტაბს შეუტიეს.
კიევზე დარტყმებით რუსეთის მუქარისა და უცხოელი დიპლომატების გაფრთხილების შემდეგ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ რუსეთს სურს შიში, პანიკა და უკრაინის იზოლაცია, რაც არ იმუშავებს, ევროკავშირი არსად წავა და დარჩება კიევში და უკრაინასთან ერთად.