არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე, 2026 წლის 25 მაისს, ქალაქ გიუმრიში წინასაარჩევნოდ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:
„საინტერესო რაღაცები ხდება. ჩვენ აქამდე ეს არ შეგვიმჩნევია, მაგრამ საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც 2025 წლის 8 აგვისტოდან ყურადღებით აკვირდებიან სომხეთს და სომხეთში მიმდინარე პროცესებს, შენიშნეს, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უმოკლესი მარშრუტი სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის, ლორესა და შირაკის პროვინციებზე გადის“, - განაცხადა ფაშინიანმა.
„უმოკლესი გზა“
„ჩვენ ვასრულებთ, უფრო სწორად დავასრულეთ, შირაკის რეგიონის [სარკინიგზო] მონაკვეთი, აშტარაკ-გიუმრის ჩრდილოეთ-სამხრეთის მონაკვეთი, მაგრამ ახლა საერთაშორისო ინვესტორები დიდ ყურადღებას იჩენენ და უკვე მოგვმართეს ახალი წინადადებით, აშენდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი გზატკეცილი, რომელიც ასევე გაივლის შირაკის პროვინციას, ტავუშის რეგიონს, ლორის რეგიონს და რკინიგზის პარალელურად, უახლოეს წლებში ასევე დავიწყებთ გზატკეცილის მშენებლობას, რომელიც იქნება უმოკლესი გზა, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ასევე ნახეთ
„ისტორიული დღე“ - ალიევი და ფაშინიანი ტრამპთანფაშინიანმა ამ გეგმებს „ეპოქალური“ უწოდა და განაცხადა: „ეს ცვლილებები მილიონობით, ათობით მილიონი, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას გვპირდება სომხეთსა და შირაკის რეგიონში. ათიათასობით სამუშაო ადგილს შირაკის რეგიონში. და შირაკის რეგიონი აღარ იქნება სომხეთის ერთ-ერთი ღარიბი რეგიონი“.
მას კონკრეტული დეტალები - ვინ არიან ეს ინვესტორები, რა თანხა დასჭირდება მსგავსი პროექტის მშენებლობას ან სხვა საკითხები - არ დაუზუსტებია.
ორი დღით ადრე, 24 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, ახლა ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის“. თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს.
ასევე ნახეთ
ტომას დე ვაალი: ირანის ომმა შესაძლოა გაართულოს კავკასიის დერეფანთან დაკავშირებული ტრამპის გეგმებიევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში სომხეთ-ევროკავშირის სამიტისას, 2026 წლის 5 მაისს განაცხადა, რომ ცენტრალური აზიიდან და კასპიის ზღვიდან ევროპამდე უმოკლესი გზა სომხეთზე გადის, თუმცა ეს გზა ომის გამო ჩაკეტილია.
„თქვენ ახლა ამას ცვლით... შედეგად, სომხეთი შეიძლება გახდეს რეგიონული ჰაბი ახალი სატრანზიტო მარშრუტებისათვის“, - განაცხადა მან.
„როგორც ჩანს, ეკონომიკურ სტაგნაციასთან და სხვა სიკეთეებთან ერთად, გეოგრაფიის გაკვეთილებშიც მაინც და მაინც ძლიერად არ აქვთ საქმე ევროპელ ბიუროკრატებს“, - თქვა ამაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ 20 მაისს.
ასევე ნახეთ
მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ - გერმანიის ელჩი- 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, ტრამპი-ალიევი-ფაშინიანის სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP);
- 2026 წლის 13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.
ასევე ნახეთ
ანაკლიის პორტი, წყალქვეშა კაბელი, "ტრამპის მარშრუტი" - რამდენად მყარია საქართველოს პოზიციები "შუა დერეფანში"2026 წლის იანვარში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიით გადაადგილდება, მომავალში პირდაპირ გადაიზიდება ორ ქვეყანას შორის (ამჟამად ასეთი ტვირთების მოცულობა მცირეა).
ლიდერებმა ასევე ისაუბრეს სამომავლოდ ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთს, სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის.
„ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების აღდგენას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 22 იანვარს „ტვ იმედის“ პირდაპირ ეთერში.