Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომას დე ვაალი: ირანის ომმა შესაძლოა გაართულოს კავკასიის დერეფანთან დაკავშირებული ტრამპის გეგმები

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ გარღვევად შეფასებული ტრამპის მიერ მხარდაჭერილი სარკინიგზო პროექტი აზერბაიჯანს სომხეთის გავლით ნახიჩევანთან დააკავშირებს. პროექტი "შუა დერეფნის" ნაწილადაც განიხილება (საარქივო ფოტო).
ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ გარღვევად შეფასებული ტრამპის მიერ მხარდაჭერილი სარკინიგზო პროექტი აზერბაიჯანს სომხეთის გავლით ნახიჩევანთან დააკავშირებს. პროექტი "შუა დერეფნის" ნაწილადაც განიხილება (საარქივო ფოტო).

მაშინ, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილი სატრანსპორტო პროექტი - ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) - იდეიდან პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე გადადის, ირანთან გამწვავებულმა დაძაბულობამ შეიძლება გაზარდოს უსაფრთხოების რისკები და დააფრთხოს ინვესტორები - ამბობს ტომას დე ვაალი.

პროექტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტში გარღვევად არის მიჩნეული და სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანის ნახიჩევანთან დაკავშირებას ითვალისწინებს, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი "შუა დერეფნის" ნაწილადაც განიხილება.

ირანთან აშშ-ისრაელის ომმა კი შესაძლოა ვაშინგტონს ადგილზე გეგმების დადგენილ ვადებში განხორციელების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუზღუდოს.

კავკასიის საკითხების მკვლევარმა, ტომას დე ვაალმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სანამ კონფლიქტი გრძელდება, ირანის საზღვართან ახლოს ამერიკელების განლაგება - იქნება ეს კვლევითი, უსაფრთხოების თუ ზედამხედველობის მიზნით, რთული იქნება.

რადიო თავისუფლება: არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რამ შეიძლება შეანელოს ან შეაფერხოს TRIPP-ის განხორციელება?

ტომას დე ვაალი: ვფიქრობ, საწყის ეტაპზე TRIPP-ის მიმართ დადებითი განწყობა არსებობდა, პროცესს ამერიკელები აქტიურად უჭერდნენ მხარს. შემდეგ, იანვარში ვაშინგტონში მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, რასაც მოჰყვა რეგიონში ჯეი დი ვენსის ვიზიტი, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ორმხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ახლა უკვე განხორციელების ეტაპზე გადავედით და, ჩემი აზრით, ძირითადი დაბრკოლებების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მოხსნილია.

ამბიციაა, რომ რკინიგზის მშენებლობა დასრულდეს ან თითქმის სრულად დასრულდეს, 2028 წლამდე, სანამ ტრამპის მეორე ვადა ამოიწურება. აშკარაა, რომ ამის გაკეთების პოლიტიკური ამბიციებიც არსებობს.

სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ირანთან ომი უკვე ორი მიზეზის გამო ართულებს ვითარებას. პირველ რიგში, კონფლიქტის პირობებში ძალიან რთული იქნება ამერიკელების ყოფნა ირანის საზღვართან ახლოს - იქნება ეს კვლევების ჩატარების თუ სამუშაოების ზედამხედველობის მიზნით. სანამ ირანთან დაპირისპირება გრძელდება, ეს უბრალოდ სახიფათოა.

მეორე მხრივ, მათ სურთ, რომ TRIPP-ში კერძო კაპიტალიც იყოს. საწყის ეტაპზე უკვე არსებობს დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ამერიკული დაფინანსება, თუმცა პროექტის წინ წასაწევად მათ კერძო ინვესტიციებიც სჭირდებათ. ინვესტორების დარწმუნება კი გაცილებით რთული იქნება ისეთ პროექტში, რომელიც ფაქტობრივად, ირანის საზღვრის პირდაპირ, მდინარის მეორე მხარესაა.

ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება კონფლიქტი ირანთან. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება იგი, მით უფრო გააქტიურდებიან სხვა მხარეები, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები და ხედვები აქვთ — მაგალითად რუსეთი. ბოლო კვირაში უკვე ვნახეთ ბაქოსა და მოსკოვს შორის გარკვეული მორიგების ნიშნებიც, რაც, ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის. პარალელურად, საქართველო კვლავ რჩება არსებულ სატრანზიტო მარშრუტად. ასევე, შესაძლოა არც ის იყოს შემთხვევითი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლება: ირანი TRIPP-ს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. პრაქტიკული თვალსაზრისით, რა შეუძლია თეირანს რეალურად გააკეთოს პროექტის შესაფერხებლად და შეცვალა თუ არა მიმდინარე ომმა მისი ბერკეტები ან სურვილი, რომ იმოქმედოს?

ტომას დე ვაალი: ვნახეთ, რა გავლენა მოახდინა რეგიონზე იმ ფაქტმა, რომ ნახიჩევანის აეროპორტის სიახლოვეს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. რეალურად, ერთი-ორი რაკეტაც კი საკმარისია, რომ საფრთხის განცდა შეიქმნას და ეს უკვე თავისთავად სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ირანში არსებობს მრავალი სცენარი, მაგალითად, შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის გაგრძელება, მკაცრი რეჟიმის შენარჩუნება ან არასტაბილურობა,ან შიდა არეულობაც კი. ჩემი აზრით, ყველა ეს სცენარი TRIPP-ის გარშემო მეტ შეშფოთებას გააჩენს.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება რუსეთს - რა პოზიცია აქვს მოსკოვს TRIPP-ის მიმართ ამ ეტაპზე?

ტომას დე ვაალი: რუსეთი ვითარებას მუდმივად აკვირდება და ცდილობს, ყველა სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. თუ TRIPP განხორციელდება, მოსკოვს მისი გამოყენება და ამერიკელებთან თანამშრომლობა ენდომება. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული განხილვები.

თუ პრობლემები წარმოიშობა, რუსეთს შეუძლია თქვას: „ჩვენზე შეგიძლიათ დაყრდნობა - ჩვენ ირანთან უკეთესი ურთიერთობები გვაქვს“. ამგვარად, რუსეთი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

რადიო თავისუფლება: გავრცელებული ცნობების მიხედვით, აშშ-ის ყურადღება TRIPP-ის მიმართ თითქოს მცირდება, რადგან ვაშინგტონი ირანთან დაკავშირებული საკითხებით არის დაკავებული. როგორ ფიქრობთ, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის დაინტერესება ამ პროექტის მიმართ სუსტდება?

ტომას დე ვაალი: არა, ასე არ ვფიქრობ. ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპის ადმინისტრაციისთვის და პირადად დონალდ ტრამპისთვის. ეს ყველაფერი მის სახელს უკავშირდება, ამიტომაც მისთვის პრესტიჟის საკითხია. შესაბამისად, არსებობს დიდი ამერიკული ინტერესი, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება დაფინანსებას - არსებობს თუ არა რისკი, რომ TRIPP საკმარისად ვერ დაფინანსდეს?

ტომას დე ვაალი
ტომას დე ვაალი

ტომას დე ვაალი: სომხეთის სამხრეთით, სიუნიქიდან ნახიჩევანამდე გამავალი რკინიგზის მონაკვეთი მხოლოდ 42 კილომეტრია. ვფიქრობ, ამ პროექტის დაფინანსება შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან - რეგიონული აქტორებით დაწყებული, როგორებიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი, ისე სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ, ევროკავშირი და საერთაშორისო, საფინანსო ინსტიტუტები.

უფრო პრობლემური საკითხი TRIPP-ის ფარგლებს გარეთ არსებული სხვა პროექტებია. მაგალითად, ყარს-დილუჩუს რკინიგზის მშენებლობა დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარი შეიძლება დაჯდეს, თუმცა ეს თანხა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს მთიანი რელიეფისა და გვირაბების საჭიროების გამო. შესაბამისად, ამ ნაწილთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად არსებობს, მაგრამ რაც შეეხება თავად TRIPP-ის რკინიგზას, დარწმუნებული ვარ, მისი დაფინანსება შესაძლებელია მოიძებნოს.

რადიო თავისუფლება: სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს უნდა გაიმართოს, ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს, რომ ხელახლა აირჩიონ იმის მიუხედავად, რომ წლებია, დაძაბული ურთიერთობა აქვს მოსკოვთან და ქვეყნის შიგნით კრიტიკის ობიექტია მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო. თქვენი აზრით, აკეთებს თუ არა დასავლეთი საკმარისს იმისთვის, რომ სომხეთის არჩევნების წინ რუსეთის არსებულ გავლენას დაუპირისპირდეს?

ტომას დე ვაალი: ვფიქრობ, დასავლეთი საკმარისს აკეთებს. სამუშაოს დიდი ნაწილი კულუარებში მიმდინარეობს - მათ შორისაა საფრანგეთისა და შეერთებული შტატების მხრიდან გაწეული უსაფრთხოების მხარდაჭერაც, რაც ნიკოლ ფაშინიანის საფრთხეებისგან ფიზიკურ დაცვასაც მოიცავს.

არ ვფიქრობ, რომ სომხეთში რუსეთის მცდელობები წარმატებულია. იმისთვის, რომ ეს ეფექტური იყოს, მათ სჭირდებათ ძლიერი ოპოზიცია, რომელთანაც იმუშავებენ, თუმცა ასეთი ძალა რეალურად არ არსებობს.

აზერბაიჯანისთვისაც საინტერესო საკითხია, სურს თუ არა მას სომხეთში ძლიერი ხელმძღვანელობა. ზოგი ამბობს, რომ კი, სხვები კი შიშობენ, რომ გაძლიერებული ფაშინიანი გახდება უფრო მეტად დამოუკიდებელი და დაუახლოვდება დასავლეთს, რაც მათთვის პრობლემებს შექმნის.

გამიკვირდება, თუ ფაშინიანი მყარი გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG