„მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება“, - განაცხადა ელჩა ფიშერმა გამოცემა „ბათუმელებთან“. მასთან ინტერვიუ 21 მაისს გამოქვეყნდა.
მან ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას:
- „ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სატრანზიტო მდებარეობისა და „დაკავშირებადობის“ გამო. ზოგის აზრით, ევროკავშირი თვალს დახუჭავს ამის გამო ზოგი ქმედებაზე.
- არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა ტრანზიტის გამო გვერდზე გადადოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დემოკრატიის ეროზია“?
„პასუხია - არა“
პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს სახელით ვერ ისაუბრებს, თუმცა არ სჯერა, რომ ისინი თვალს დახუჭავენ.
„გერმანია ამას ნამდვილად არ გააკეთებს. ადამიანის უფლებები არსებითია. ჩვენ, ისევე როგორც საქართველო, შებოჭილი ვართ საერთაშორისო შეთანხმებებით“, - თქვა მან.
„პასუხია – არა. ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიამ ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე გაცვალოს“, - განაცხადა ელჩმა.
ელჩ ფიშერს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 2025 წლის ივნისში ნათქვამი აქვს: „„შუა დერეფანი“ კონცეფციაა. ეს რეალობა არ არის. ის მოითხოვს დიდ შრომას, დიდ ინვესტიციას, ბევრ დაგეგმვას, ბევრ დროს“.
შუა დერეფანი
„შუა დერეფანზე“, - მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ალტერნატიული გზით აკავშირებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, - „ქართული ოცნების“ მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს.
2025 წელს სომხეთ-აზერბაიჯანი-აშშ-ის 8 აგვისტოს შეთანხმებისა და „ტრამპის მარშრუტის“ ინიციირების შემდეგ დისკუსიების ფონზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას საფრთხე არ ემუქრება.
2026 წლის 20 მაისს ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც საქართველოს გარეშე სომხეთის ევროინტეგრაციაზე საუბარი წარმოუდგენელია.
„ამას რა განცხადება მოჰყვა ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან, ესეც გახსოვთ. მან თქვა, რომ სომხეთი არის უმოკლესი გზა, რომელიც აკავშირებს შუა აზიას ევროპასთან. როგორც ჩანს, ეკონომიკურ სტაგნაციასთან და სხვა სიკეთეებთან ერთად, გეოგრაფიის გაკვეთილებშიც მაინც და მაინც ძლიერად არ აქვთ საქმე ევროპელ ბიუროკრატებს“, - განაცხადა კობახიძემ.
იგი გულისხმობდა ევროპული კომისიის პრეზიდენტზე, ურზულა ფონ დერ ლაიენზე, რომელმაც ერევანში სომხეთ-ევროკავშირის სამიტისას 2026 წლის 5 მაისს განაცხადა, რომ ცენტრალუზი აზიიდან და კასპიის ზღვიდან ევროპამდე უმოკლესი გზა სომხეთზე გადის, თუმცა ეს გზა ომის გამო ჩაკეტილია.
„თქვენ ახლა ამას ცვლით... შედეგად, სომხეთი შეიძლება გახდეს რეგიონული ჰაბი ახალი სატრანზიტო მარშრუტებისათვის“, - განაცხადა მან.
ფორუმი