რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 მაისს, პრეზიდენტ პუტინის დავალებით, ლავროვმა რუბიოს აცნობა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების გაგრძელების პასუხად“ რუსეთის შეიარაღებული ძალები იწყებენ „სისტემურ და თანმიმდევრულ დარტყმებს“ კიევში მდებარე ობიექტებზე, რომლებიც „უკრაინის არმიის საჭიროებებისთვის გამოიყენება“ და „შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე“.
ლავროვმა რუბიოს გააცნო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც აშშ-ს და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც კიევში წარმომადგენლობები აქვთ, დიპლომატიური პერსონალის და სხვა მოქალაქეების ევაკუაციის რეკომენდაცია მისცეს.
ლავროვის და რუბიოს სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა მოკლე ცნობა, რომ საუბარი შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნით და მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რუსეთ-უკრაინის ომზე, ორმხრივ ურთიერთობებზე და სიტუაციაზე ირანში.
თავად სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევის შესახებ რუსეთის გაფრთხილება ეხებოდა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ ყველა საელჩოს და სატელეფონო საუბრისას ლავროვმა გადასცა ტრამპისთვის პუტინის გზავნილი, რომელიც თავის მხრივ, პრეზიდენტს გადასცა.
რუბიომ ისევ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს და ვაშინგტონი ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული როლის შესასრულებლად.
- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე 2026 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. პროცესი შეჩერდა თებერვლის ბოლოდან, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
ასევე ნახეთ
„უსირცხვილო შანტაჟი“ - უკრაინამ უპასუხა რუსეთის მუქარას კიევზე დარტყმების შესახებრუსეთი კიევს ემუქრება
უკრაინის დედაქალაქ კიევზე დიდი მსხვერპლისა და ნგრევის გამომწვევი მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც რუსეთის ჯარებმა რაკეტებითა და დრონებით 24 მაისს განახორციელეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები იწყებენ „თანმიმდევრულ სისტემურ დარტყმებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე კიევში“, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე და სამეთაურო პუნქტებზე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 25 მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, იმის გამო, რომ ეს ობიექტები მთელ კიევშია, უცხოეთის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აფრთხილებენ ქალაქის რაც შეიძლება სწრაფად დატოვების საჭიროების შესახებ, ხოლო კიევის მცხოვრებთ - არ მიუახლოვდნენ „ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს“.
რუსეთს, როგორც ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, „მოთმინების ფიალა აევსო“ მას შემდეგ, რაც 22 მაისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ სტარობელსკში დრონებით დაარტყეს ლუგანსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის კოლეჯის საერთო საცხოვრებელს.
რუსეთი, რომლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ომის დანაშაული არაერთი დოკუმენტითაა დადასტურებული, „ზელენსკის ხუნტას და მის დასავლელ სპონსორებს“, რომლებიც უკრაინის არმიას იარაღს აწვდიან, „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეშად უგულებელყოფაში“ ადანაშაულებს.
- სტარობელსკი უკრაინის ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილშია, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. რუსეთის თანახმად, კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სტარობელსკში რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფის, „რუბიკონის“ შტაბს შეუტიეს.
უკრაინის პასუხი
კიევზე „სისტემური დარტყმებით“ რუსეთის მუქარას უკრაინამ „უსირცხვილო შანტაჟი“ უწოდა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რუსეთზე ზეწოლისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს ღამით განაცხადა, რომ ოთხ წელზე მეტია რუსეთი კიევის წინააღმდეგ იყენებს რაკეტებისა და დრონების მთელ სპექტრს და დედაქალაქისა და სხვა ქალაქებისთვის საფრთხის საერთო დონე წინა წლების მსგავსია, ამიტომ „რუსეთის ახალი მუქარა სხვა არაფერია, თუ არა უსირცხვილო შანტაჟი“ და მოსკოვი ფაქტობრივად, აღიარებს, რომ მისი შეტევები მიმართულია უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის დაშინებისკენ.
უკრაინა მადლობას უხდის უცხოეთის ყველა დიპლომატიურ მისიას და დიპლომატებს, რომლებიც ომის დროს უკრაინაში მუშაობას განაგრძობენ და რუსეთის შანტაჟსა და მუქარებს უარყოფენ და მზად არის დამატებით გააძლიეროს უცხოეთის დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება, თუ მათგან შესაბამისი მიმართვა იქნება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორებს და მოკავშირეებს შეახსენა, რომ კრემლის მუქარებზე საუკეთესო პასუხია აგრესორზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით.
ევროკავშირის რეაქცია
კიევზე დარტყმებით რუსეთის მუქარისა და უცხოელი დიპლომატების გაფრთხილების შემდეგ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ რუსეთს სურს შიში, პანიკა და უკრაინის იზოლაცია, რაც არ იმუშავებს, ევროკავშირი არსად წავა და დარჩება კიევში და უკრაინასთან ერთად.