თვალს ვერ დავხუჭავთ სომხეთის ევროკავშირისკენ სწრაფვასა და უკრაინაზე ჩატარებულ სამიტზე - დსთ-ს გენ. მდივანი

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი

დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) გენერალური მდივანი სერგეი ლებედევი აცხადებს, რომ დსთ „თვალს ვერ დახუჭავს“ სომხეთის სწრაფვაზე ევროინტეგრაციისკენ.

„დღეს ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ სომხეთში ევროკავშირის ბოლო სამიტზე, რომელიც უკრაინის საკითხზე ჩატარდა, და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ პოზიციაზე“, - განაცხადა ლებედევმა 26 მაისს. მის ნათქვამს რუსეთის სამთავრობო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„ამავდროულად, სომხეთი კვლავ რჩება დსთ-ს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად და სარგებლობს ამ ბლოკებში წევრობის სიკეთეებით“, - განაცხადა მან მრგვალი მაგიდის დისკუსიის დროს. დისკუსიის თემა იყო „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 35 წელი: შედეგები, პრობლემები, პერსპექტივები“.

ასევე ნახეთ

რუსეთის საზღვარზე დაყოვნებულია 100-მდე სომხური სატვირთო ავტომობილი

მოსკოვი უკმაყოფილოა სომხეთით

სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პერიოდში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მოსკოვისგან დისტანცირების და დასავლეთთან დაახლოების კურსი აირჩია.

ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციამ სომხეთს ულტიმატუმი წაუყენა - ჩაატაროს რეფერენდუმი კითხვით, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი.

ასევე ნახეთ

ფაშინიანმა უარით გაისტუმრა პუტინის ინიციატივა სომხეთში რეფერენდუმზე და ტერმინი „განქორწინება“ დაიწუნა

მოსკოვის გაღიზიანება გაამწვავა 2026 წლის 4-5 მაისს ერევანში გამართულმა ორმა სამიტმა:

  • სომხეთისა და ევროკავშირის პირველმა სამიტმა;
  • ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტმა, სადაც მსოფლიოს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთმა სომხეთი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „ანტირუსული განცხადებებისთვის პლატფორმის“ დათმობაში დაადანაშაულა, რაც ტრადიციულ მოკავშირეებს, მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაციების მორიგი, თუმცა მწვავე ნიშანი იყო.

ასევე ნახეთ

„ერთდროულად ორ ქორწილში ცეკვა სომხეთს არ გამოუვა“ - რუსი დიპლომატი

ერევანში ვიზიტის დროს, 4 მაისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შიშობს, რომ 9 მაისს „შეიძლება დრონებმა გადაიფრინონ წითელი მოედნის თავზე“.

მოსკოვმა დაიბარა სომხეთის ელჩი, რათა პროტესტი გამოეხატა ერევანში ზელენსკის მიერ, როგორც მოსკოვმა უწოდა, „რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტულ მუქარასთან“ დაკავშირებით.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა: „ეს არანორმალურია, ეს არ შეესაბამება ერევანთან ჩვენი ურთიერთობების სულისკვეთებას“.

ასევე ნახეთ

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კრემლი სომხეთს ადანაშაულებს, რომ ზელენსკის პლატფორმა დაუთმო