Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საზღვარზე დაყოვნებულია 100-მდე სომხური სატვირთო ავტომობილი

აირჩიეთ ან ევროკავშირისკენ გზა, ან ევრაზიული კავშირი, - მოუწოდებს სომხეთს მოსკოვი.
აირჩიეთ ან ევროკავშირისკენ გზა, ან ევრაზიული კავშირი, - მოუწოდებს სომხეთს მოსკოვი.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რუსეთი სომხეთს ეკონომიკურ შეზღუდვებს უწესებს და კრძალავს რიგი სომხური პროდუქციის შეტანას მის ბაზარზე, - წერს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მხარეს, რუსეთის მიმართულებით, ასამდე სომხური სატვირთო მანქანა ბოლო რამდენიმე დღეა, დაყოვნებულია.

მძღოლები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ასკვნიან, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლაა.

„ამ სატვირთოებში სომხური ბრენდია, საბუთები უკვე სამი-ოთხი დღეა არ მოუტანიათ, ინსპექციას [რუსეთის მხრიდან ინსპექციას] ელოდებიან“, - განუცხადა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ერთ-ერთმა მძღოლმა.

„ეს ყველაფერი გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ სხვა ვარიანტს ავირჩევთ [და არა იმას, რაც რუსეთს სურს]“, - თქვა კიდევ ერთმა სატვირთოს მძღოლმა.

ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შეესწრო, როგორ გააბრუნეს უკან რუსმა მესაზღვრეებმა მარწყვით დატვირთული ორი, ყვავილებით დატვირთული ხუთი და თევზეულით დატვირთული ერთი სატვირთო ავტომობილი.

„როსსელხოზნადზორი“ სომხეთში

პარალელურად კი სომხეთში იმყოფებიან „როსსელხოზნადზორის“ თანამშრომლები.

ეს არის რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური, რომლის გადაწყვეტილებებიც არაერთხელ გამოყენებულა რუსეთის მიერ სომხეთისთვის ზეწოლის იარაღად.

სომეხ კოლეგებთან ერთად ისინი ამოწმებენ სათბურებსა და თევზის ფერმებს. საუბარია 12 კომპანიაზე, რომელთა პროდუქციაშიც, რუსეთის ცნობით, უცხო სხეულები და დარღვევები აღმოაჩინეს.

რუსეთმა მცირე ხნის წინ აკრძალა სომხეთიდან ყვავილების, ასევე მინერალური წყლის, „ჯერმუკისა“ და არაერთი კომპანიის მარკით ექსპორტირებული ალკოჰოლური სასმელების იმპორტი.

ზეწოლა წინასაარჩევნოდ

თითქმის ერთი თვეა, რუსეთის ოფიციალური პირები თითქმის ყოველდღიურად მოუწოდებენ სომხეთს, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, გააკეთოს არჩევანი ევროკავშირისკენ სვლასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენას შორის.

ოფიციალური ერევანი პასუხს ჯერ არ ჩქარობს, - მათი თქმით, გადაწყვეტილების მიღების დრო ჯერ არ დამდგარა.

მიმდინარე კვირის ბოლოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც, რუსი ოფიციალური პირების თქმით, სომხეთის სტატუსის საკითხი განიხილება.

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რომელიც გაცხარებულ საარჩევნო კამპანიაშია ჩაბმული, სხდომას არ დაესწრება. სომხეთს ვიცე-პრემიერი წარმოადგენს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG