ზელენსკი ციხანოუსკაიას შეხვდა კიევში

სვიატლანა ციხანოუსკაია და ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 26 მაისი, 2026.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შეხვდა ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას. ეს მისი მეორე დღეა უკრაინაში, გუშინ კი შედგა მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან.

შეხვედრები მიმდინარეობს უკრაინასა და მინსკს შორის ურთიერთობების ახალი ესკალაციის ფონზე.

როგორც ზელენსკი იტყობინება სოციალურ ქსელებში, შეხვედრა გაიმართა ქალაქებისა და რეგიონების სამიტის ფარგლებში 24 ქვეყნის, მათ შორის უკრაინის მეზობლების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

„ჩვენ ყველანი ვუჭერთ მხარს ბელარუსის ხალხის სურვილს, გათავისუფლდნენ რუსეთის გავლენისგან და ვიცით, რომ რუსეთი ახლა ცდილობს ბელარუსი უფრო ღრმად ჩაითრიოს უკრაინასთან ომში“, - წერს ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინაში იმედოვნებენ, რომ მომავალში კეთილმეზობლურ ურთიერთობებს დაამყარებენ „ჭეშმარიტად დამოუკიდებელ ბელარუსთან“.

ციხანოუსკაიამ დღეს დილით კიევის მაიდანზე მემორიალი მოინახულა და აღნიშნა, რომ ბელორუსებიც იყვნენ მათ შორის, ვინც 2013-2014 წლების უკრაინის რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა.

სვიატლანა ციხანოუსკაია 2020 წელს კენჭს იყრიდა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში. ხელისუფლებამ გამარჯვებულად გამოაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სინამდვილეში უმრავლესობამ ციხანოუსკაიას დაუჭირა მხარი. ხელისუფლებამ ჩაახშო მასშტაბური საპროტესტო აქციები და თავად ციხანოუსკაია იძულებული გახდა, ბელარუსი დაეტოვებინა. ემიგრაციაში მან გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი ჩამოაყალიბა და ის ბელარუსის დემოკრატიული ძალების აღიარებული ლიდერის ფუნქციას ასრულებს.

უკრაინაში შიშობენ, რომ ლუკაშენკა შესაძლოა რუსეთის მხარეს ომში ჩასართავად ემზადებოდეს. ლუკაშენკამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ უკრაინის მხრიდან „აგრესიის“ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

ასევე ნახეთ

რა სიგნალია რუსეთის ბირთვული წვრთნები ბელარუსში — რეალური მუქარა თუ ფსიქოლოგიური ოპერაცია უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ?