უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის და სხვა ოლქებზე.
დონეცკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც კიევი აკონტროლებს, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 27 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დაცხრილეს პოკროვსკის, ბახმუტის და კრამატორსკის რაიონები, სადაც დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლები და ადმინისტრაციული შენობები.
ჩერნიგოვის ოლქზე დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ნოვოგოროდ-სევერსკის რაიონში. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპული ქალი ფერმაში მუშაობდა. მძიმედ დაიჭრა აგროსაწარმოს კიდევ ერთი თანამშრომელი.
ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ჩერნიგოვში და მეზობელ რაიონებში დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ხის გადამამუშავებელი საწარმო და ლოგისტიკის კომპანია.
ასევე ნახეთ
ტუაფსე, ტაგანროგი, ვორონეჟი - რუსეთის რეგიონებზე საჰაერო დარტყმა იყოადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის და სინელნიკოვის რაიონებში. შეტევა იყო როგორც დრონებით, ისე ავიაბომბებით და არტილერიით.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ხარკოვის ოლქში დრონებით დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ენერგეტიკოსების ბრიგადა. მისი ორი წევრი დაჭრილია.
უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის ოლქების ნაწილს.
ასევე ნახეთ
ანექსირებულ სევასტოპოლზე მასირებული შეტევა იყოუკრაინის საჰაერო ძალების მიერ 27 მაისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 163 უპილოტო საფრენი აპარატით. დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 150 დრონის მოგერიება და რვით პირდაპირი დარტყმა შვიდ ადგილზე.