Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუაფსე, ტაგანროგი, ვორონეჟი - რუსეთის რეგიონებზე საჰაერო დარტყმა იყო

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე დრონებით შეტევა იყო 2026 წლის 28 აპრილსაც
რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე დრონებით შეტევა იყო 2026 წლის 28 აპრილსაც

გასული ღამის განმავლობაში და გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე ქალაქში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებითა და რაკეტებით შეტევის შესახებ განაცხადა.

27 მაისს დილით ცნობილი გახდა, რომ ამ გაზაფხულის განმავლობაში დრონებით მეხუთე შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე.

რეგიონის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ” ტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია და დაზიანებულია ერთი მრავალბინიანი და ხუთი კერძო სახლიც.

რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა ობიექტზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევების შემდეგ, როგორც წესი, „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შესახებ იუწყება მაშინაც კი, როცა ზიანი გამოწვეულია პირდაპირი დარტყმით.

  • ტუაფსეს ტერმინალს, რომელიც სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთიანი საწარმოო კომპლექსის შემადგენლობაშია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს 2026 წლის 16, 20 და 28 აპრილს და 1 მაისს.

27 მაისს დილით უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადა რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა. მისი ინფორმაციით, რაკეტა ქალაქ ტაგანროგში „გაანადგურეს“.

გუბერნატორის თანახმად, დაშავდა ორი ქალი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სლიუსარმა „ხმელეთზე შედეგად“ დაასახელა ავტომობილების დაწვაც, რაც „რაკეტის ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ გამოიწვია.

დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ტაგანროგში ხანძარი გაჩნდა საავიაციო-სარემონტო ქარხნის ტერიტორიაზე.

რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, გასულ ღამით რეგიონში ჯერ დრონების, შემდეგ კი რაკეტების „საფრთხე“ გამოაცხადეს.

27 მაისს დილის ცხრა საათისთვის გუსევმა დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟის თავზე „აღმოაჩინეს და გაანადგურეს ორი მაღალსიჩქარიანი სამიზნე“ და „ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა დააზიანეს“ ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის მომსახურების ობიექტი და საწყობი.

27 მაისს დილით დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ განაცხადა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმაც. მან დაადასტურა დარტყმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფისსა და ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაზე. ტელეგრამ-არხის „კრიმსკი ვეტერ“ ცნობით, სევასტოპოლში შეტევა იყო რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შტაბის შენობაზე და სამხედრო აეროდრომებზე.

უკრაინას რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27 მაისის დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ უხსენებია რაკეტებით შეტევა. ტელეგრამ-არხით გავრცელებული ამ ცნობის მიხედვით, 26 მაისის საღამოს რვიდან 27 მაისის დილის შვიდ საათამდე ბელგოროდის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კურსკის, ორიოლის და ტულის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმში და აზოვის და შავი ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 140 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.





ფორუმი

XS
SM
MD
LG