უნგრეთმა გააუქმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა პარლამენტს 26 მაისს წარუდგინა კანონპროექტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში დარჩენის შესახებ

უნგრეთის პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ გააუქმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) იურისდიქციიდან უნგრეთის გასვლის გადაწყვეტილება, რომელიც 2025 წელს მიიღო ვიქტორ ორბანის მთავრობამ.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, პარლამენტმა შესაბამის კანონპროექტს კენჭი 27 მაისს უყარა და მიიღო 133 ხმით 37-ის წინააღმდეგ.

ICC-დან გასვლის პროცედურის შეწყვეტის ინიციატორი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი, რომლის პარტია „ტისამ“ 2026 წლის აპრილში ჩატარებული არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. მადიარმა პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი 26 მაისს წარუდგინა.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ და მასთან ერთად კოალიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა.

  • ვიქტორ ორბანის მთავრობამ 2025 წლის აპრილში გამოაცხადა, რომ უნგრეთი დატოვებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მიზეზად ის დასახელდა, რომ ICC „პოლიტიზებული ინსტიტუციაა, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და ნდობა“.
  • უნგრეთის წინა მოწვევის პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც „ფიდესის“ წევრები იყვნენ, შესაბამისი კანონპროექტი ხმათა უმრავლესობით საბოლოოდ მიიღო 2025 წლის მაისის ბოლოს. სასამართლოდან გასვლის პროცედურა ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო.

2026 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვების შემდეგ მისმა ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრად დარჩებოდა.

მათ შორის, ვისი დაკავების ორდერებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლის აქვს გაცემული, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არიან. ქვეყნებს, რომლებიც ICC-ის იურისდიქციას აღიარებენ, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულება აქვთ.