გამოცემა Delfi-ს ცნობით, სავარაუდოდ, მოპარულია 600 ათასზე მეტი ჩანაწერი. მათ შორის ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის ოჯახის შესახებაც.
ლიეტუვის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა არუნას მასკოლუნასმა 27 მაისს დაადასტურა, რომ მონაცემების გაჟონვა მოხდა მიგრაციის დეპარტამენტის გავლით. ეს დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაშია. თავად ცენტრალური რეესტრი ლიეტუვის ეკონომიკის სამინისტროს დაწესებულებაა.
მონაცემების გაჟონვის გამო გადადგა რეესტრის ხელმძღვანელი ანდრიუს იუსასი. მისი ინფორმაციით, მონაცემების გაჟონვა ჯერ კიდევ აპრილში აღმოაჩინეს, თუმცა საზოგადოების ინფორმირება არ მომხდარა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს 27 მაისს ჟურნალისტებს დაუდასტურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემაც. პრემიერის ინფორმაციით, რეესტრიდან მონაცემების გაჟონვით დაზარალებულებს შორის მისი ოჯახიცაა.
ლიეტუვის პარლამენტის კონსერვატორმა დეპუტატმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლაურინას კასჩიუნასმა განაცხადა, რომ საუბარია არა უბრალოდ დიდი მასშტაბის კიბერდანაშაულზე, არამედ ეროვნული მასშტაბის საფრთხეზე. პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ოპერაცია იყო.
საქმე ეხება სავარაუდოდ, არა მხოლოდ ლიეტუვის სპეცსამსახურების თანამშრომლების, დიპლომატების და პოლიტიკოსების პირად მონაცემებს, არამედ მიგრანტების, მათ შორის დევნის გამო რუსეთიდან გაქცეული ადამიანების მონაცემებსაც.