იზოლატორიდან გაათავისუფლეს კაცი, რომელზეც პოლიციამ გორში იძალადა 

კაცი, რომელზეც პოლიცია ძალადობდა, რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული იყო.

კაცი, რომელზეც პოლიციამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ იძალადა, თავისუფალია, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ უთხრა.

ადვოკატის თქმით, რომ არა ვიდეოკადრები, რომლებშიც პოლიციელების მხრიდან ძალადობაა ასახული, სხვა შედეგი იქნებოდა, „ამ კადრებმა შეძლო, რომ პაპუნა თავისუფალია“.

„ითვლება ბრალდებულად, მაგრამ ბრალი არ აქვს წაყენებული. გამოკითხეს როგორც ბრალდებული, თუმცა ჩვენება ვერ მისცა, რადგან სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება... პროკურორის დადგენილებით გაათავისუფლეს იზოლატორიდან, თუმცა არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეწყდა“, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე და პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას მოითხოვს.

ლოცულაშვილი წუხელ კლინიკა „ვივამედში“ ჰყავდათ გადაყვანილი, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა. კაცმა სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში, გვიან ღამით დატოვა.

რა მოხდა გორში

გუშინ, 27 მაისს, რეგიონულმა მედიამ, qartli.ge-მ, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში, „კომბინატის დასახლებაში“ კაცზე. ამ კადრების მიხედვით, პოლიცია აკავებს ორ ადამიანს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც ნაცემია, პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ძალადობა პოლიციის მხრიდან

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. გამოუძიებელი ასეთი საქმეები არაერთია, მათ შორის 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პოლიცია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ვიდეოკამერების წინ ძალადობდა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

გამოხმაურებები

  • სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები და „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.
  • იურისტი ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი „საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა“.

ასევე ნახეთ

გორში პოლიციელების მიერ ძალადობას სასულიერო პირები, მთავრობა და სამოქალაქო ორგანიზაციები აფასებენ