უკრაინამ დაადასტურა რაკეტებით Storm Shadow დარტყმა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის კომპლექსის ნაწილია, უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2026 წლის 28 აპრილსაც

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 28 მაისს დაადასტურა წინა დღეს გავრცელებული ცნობები, რომ თავდაცვის ძალებმა დრონებით და რაკეტებით დაარტყეს რუსეთის სამხედრო და ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებს რუსეთის სამ რეგიონში და ანექსირებულ სევასტოპოლში.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, 27 მაისს თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ზარალის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, 27 მაისს რაკეტებით Storm Shadow დაარტყეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის ავტომატიზაციის საშუალებების პროგრამულ-სააპარატო კომპლექსებს რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ვორონეჟის და როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის რაიონებში და სევასტოპოლში.

ასევე ნახეთ

ტუაფსე, ტაგანროგი, ვორონეჟი - რუსეთის რეგიონებზე საჰაერო დარტყმა იყო

სევასტოპოლზე შეტევა რომ რაკეტებით Storm Shadow განხორციელდა, ეს 27 მაისს დილით განაცხადა ანექსირებული ქალაქის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა.

სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადეს რუსეთის როსტოვის და ვორონეჟის ოლქის გუბერნატორებმაც, თუმცა არაფერი უთქვამთ სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე დარტყმის თაობაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რაკეტებით შეტევა არ უხსენებია. მის მიერ 27 მაისს დილით გავრცელებული ცნობა მხოლოდ უკრაინული დრონების მოგერიებას ეხებოდა.

ასევე ნახეთ

უკრაინის შეტევების შედეგად რუსეთის მსხვილმა ქარხნებმა ნავთობის გადამუშავება შეაჩერეს ან შეამცირეს - Reuters
  • რუსეთს დიდ პრობლემებს უქმნის თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევები ნავთობის საცავებზე, პორტების ტერმინალებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებსა და სხვა ობიექტებზე.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.

ასევე ნახეთ

აშშ-ის საელჩო კიევში მუშაობის შეჩერებას უარყოფს