„ევროპის ინტერესებში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში აღარ იყვნენ განლაგებული“, - გაიმეორა კაია კალასმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ამ მოთხოვნას ითვალისწინებს, 2026 წლის თებერვალში წარადგინა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება თებერვალშივე იუწყებოდა.
რას ამბობს რუსეთი?
28 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ დისკუსიებსა და ინიციატივაზე პასუხად განაცხადა, რომ „იდიოტურ განცხადებებზე“ კომენტარს არ აკეთებს.
„მისმინე, იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“, - ასე უპასუხა მან ტელეკომპანია „როსიას“, კალასის განცხადების კომენტირებისას.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა: „ეს ამ ქალბატონის ჩვეულებრივი საჯარო გამონათქვამებია, რომლებსაც ყველა მიეჩვია, რომლებზეც ცოტა ვინმე თუ რეაგირებს... ნუ, ნუ, ვის ექნება ამაზე რეაგირება?!"
რას ამბობს თბილისი?
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 28 მაისსვე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„თავისთავად ასეთი საუბარი კარგია, მაგრამ ერთი რამ არის - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“.
„როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ ამას და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ამიტომ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ რაღაც განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს“, - განაცხადა პრემიერმა.
„აქამდე, ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ დროის განმავლობაში იდგა საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მან.
რა დოკუმენტია ეს?
- რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, კალასმა წევრ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში გაუზიარა სადისკუსიო დოკუმენტი სახელწოდებით: „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.
- დოკუმენტის თანახმად, რუსეთისადმი ევროკავშირის ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.
კალასმა დღეს დოკუმენტის რამდენიმე პუნქტზე გაამახვილა ყურადღება:
- „უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი სახის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობაა“;
- „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ევროპაში დივერსიული ოპერაციები, ჩარევა არჩევნებში და კიბერშეტევები“;
- „უნდა დაწესდეს შეზღუდვები რუსეთის არმიაზე“;
- „უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი აღიარება არ მოხდება“, - თქვა მან.
კაია კალასის შეფასებითვე, ეს „მაქსიმალისტური პოზიციაა“, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთის მიდგომაც ანალოგიურია, კრემლიც მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს მოლაპარაკებებისას.