ირანმა და აშშ-მა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა უარყო ინფორმაცია ჰორმუზის შეთანხმების შესახებ

საბრძოლო რაკეტის გაშვება აშშ-ის სამხედრო გემიდან (საილუსტრაციო ფოტო)

ირანმა 28 მაისს ქუვეითში აშშ-ის საჰაერო ბაზას დაარტყა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა, როგორც ვაშინგტონმა უწოდა, ირანის დრონების ბაზაზე ჰორმუზის სრუტესთან. ამავე დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ცნობა თეირანთან კომპრომისული შეთანხმების შესახებ.

ირანის საინფორმაციო სააგენტო „თასნიმმა“, მოლაპარაკებაში მონაწილე გუნდთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, 28 მაისს განაცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შესაძლო ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი ჯერ არ არის დასრულებული ან დადასტურებული.

წყაროს თქმით, თეირანს პაკისტანელი შუამავლისთვის არ უცნობებია, რომ ტექსტი დასრულებულია და შემდეგ, როცა ის მზად იქნება, შეატყობინებს როგორც შუამავალს, ასევე საზოგადოებას. მან დასძინა, რომ მცდარია დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შეთანხმება უკვე მიღწეულია.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ჩამოყარეს ხუთი ირანული მოიერიშე დრონი და დაარტყეს საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასში მდებარე სახმელეთო მართვის პუნქტს, საიდანაც მეექვსე დრონის გაშვებას აპირებდნენ. შემდეგ ქუვეითის ძალებმა გადაიტაცეს ქვეყნის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტა. ქუვეითში აშშ-ის დიდი სამხედრო ბაზაა.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ მისი სამიზნე იყო აშშ-ის ბაზა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბანდარ-აბასის აეროპორტთან დილით ადრე განხორციელებულ თავდასხმაზე და რომ ნებისმიერი გამეორება „უფრო გადამწყვეტ პასუხს“ გამოიწვევს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი.

ქუვეითმა დაგმო თავდასხმა და მოითხოვა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ის, რასაც მან სერიოზული ესკალაცია უწოდა. ძალადობა, რომელიც ამ კვირაში უკვე მეორედ ხდება, დაემთხვა მუსლიმურ დღესასწაულს, ეიდ ალ-ადჰას, რომელიც აღინიშნება მთელ რეგიონში, სადაც მრავალი ქვეყანაა ჩათრეული კონფლიქტში, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიწყო.

ნავთობის ფასები გაიზარდა, აქციები დაეცა და დოლარის კურსმა იმატა, სამშვიდობო შეთანხმების მიმართ ინვესტორების ნდობის შემცირების გამო.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ომის დასასრული ახლოსაა, თუმცა ოთხშაბათს კაბინეტის სხდომაზე მედიას უთხრა, რომ მოლაპარაკებებით ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი და რომ აშშ არ განიხილავს სანქციების შემსუბუქებას, რაც თეირანის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

მან უარყო ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ცნობა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ომამდელ დონემდე ერთი თვის განმავლობაში აღდგენაზე შეთანხმების არაოფიციალური პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ირანსა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოს, ომანს, ერთობლივად უნდა ემართათ მიმოსვლა.
ტრამპმა განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას არ ექნება კონტროლი სრუტეზე და, როგორც ჩანს, ამით დაემუქრა ომანს, რომელთანაც აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში აქვს სამხედრო და ეკონომიკური კავშირები.

ასევე ნახეთ

ამერიკელებმა ირანში რამდენიმე ობიექტს დაარტყეს, ტრამპმა ომანი გააფრთხილა

ომანს არაფერი უთქვამს ირანთან ერთად სრუტის ერთობლივი კონტროლის იდეის შესახებ. მან თქვა, რომ ირანთან მათ ნავიგაციის თავისუფლების შესახებ იმსჯელეს. თეირანმა სოლიდარობა გამოუცხადა ომანს. "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აღადგინა სრუტეზე კონტროლი და განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი გემი გააჩერა და 26 გაუშვა. ომამდე ყოველდღიურად საშუალოდ 100-ზე მეტი გემი გადიოდა.
Tasnim-ის თანახმად, თეირანი დაჟინებით მოითხოვდა, რომ შეერთებულ შტატებს გადაერიცხა ირანის კუთვნილი თანხები, განაცხადა თეირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალი ბაღერი ქანიმ. ირანი ასევე ცდილობს, დასრულდეს აშშ-ის მიერ მისი ნავსადგურების ჩაკეტვა და გაუქმდეს სანქციები, რომლებიც, როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 27 მაისს განაცხადა, გაგრძელდა და მას დაემატა ირანის Persian Gulf Strait Authority-ი, რომელიც სრუტეში გადაადგილების მართვისთვის შეიქმნა. უცხოური გემები ომამდე თავისუფლად გადიოდნენ წყალსავალ გზაზე საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების საფუძველზე.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანას უშუალო სიახლოვეში მყოფი რაიონებიდან, აშშ-ის ჯარების რეგიონში განთავსების საკითხის განხილვა კი გაგრძელდება. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია „სრული ფაბრიკაციაა“. თეირანს კომენტარი არ გაუკეთებია.

ირანული წყაროების ცნობით, ბირთვული საკითხი განხილული იქნება შემდგომ მოლაპარაკებებზე 60 დღის განმავლობაში, რაც შესაძლოა არ იყოს მისაღები ტრამპის ზოგიერთი უახლოესი მხარდამჭერისთვის, რომლებიც მისი ბირთვული პროგრამის გაუქმებას ითხოვენ. ირანი აცხადებს, რომ ეს პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა.
„მთავარი ის არის, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

ასევე ნახეთ

მოჯთაბა ხამენეიმ თავის მიმართვაში კვლავ უსურვა სიკვდილი ისრაელსა და აშშ-ს