აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკვეთრი ფორმით უარყო იმის შესაძლებლობა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობას ირანი და სრუტის მეორე ნაპირზე მდებარე ომანი გააკონტროლებენ.
ტრამპმა 27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას ისევ თქვა, რომ ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, თუმცა მისი პოზიცია აშშ-ს ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს და თუ ასე გაგრძელდა, საქმის ბოლომდე მიყვანა მოუწევთ. აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა ირანის წინააღმდეგ აპრილის დასაწყისიდან შეჩერებული სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას.
ტრამპმა ირანის გარდა ომანიც გააფრთხილა მას შემდეგ, რაც 27 მაისს ირანის სახელმწიფო ტელეკომპანიამ გაავრცელა ცნობა, რომ ჩარჩო შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი პუნქტით, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმოსვლის მართვა და მარშრუტები ირანმა ომანთან თანამშრომლობით უნდა გააკონტროლოს.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღია უნდა იყოს, ეს საერთაშორისო წყლებია და ვერავინ გააკონტროლებს, რასაც მეთვალყურეობას აშშ გაუწევს. ტრამპის ინფორმაციით, ეს პირობები ირანთან მოლაპარაკებების ნაწილია. მან ომანი გააფრთხილა, რომ ყველა დანარჩენის მსგავსად უნდა მოიქცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში „მათი აფეთქება“ მოუწევთ. ტრამპმა დასძინა, რომ ეს ესმით და ყველაფერი წესრიგში იქნება.
ომანის საელჩომ ვაშინგტონში არ უპასუხა სააგენტო Reuters-ის მიმართვას კომენტარის შესახებ. აშშ-ს და ომანს მრავალწლიანი სამხედრო და ეკონომიკური კავშირი აქვთ.
ირანის სახელმწიფო ტელეკომპანიის ცნობით, შეთანხმების პროექტში, რომელსაც შუამავლების მეშვეობით ირანი და აშშ განიხილავენ, საუბარია ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ რეგიონიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანასა და ირანის პორტებისთვის ბლოკადის მოხსნაზე. თეთრ სახლში ამ ინფორმაციას სიყალბე უწოდეს.
გასულ ღამით ირანის სააგენტო Fars-მა გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქებები იყო ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე საპორტო ქალაქის, ბანდარ-აბასის რაიონში.
სააგენტო Reuters-მა და ტელეკომპანია CNN-მა ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდეს და თავდაცვის მიზნით დაარტყეს ირანის სახმელეთო პუნქტს, საიდანაც დრონების გამოშვების საფრთხე იყო.
მოგვიანებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა ირანის ობიექტებზე დარტყმის ფაქტი.
- აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7 აპრილიდან მოქმედებს. დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის 25 მაისსაც, თუმცა მთლიანობაში რეჟიმი დაცულია.
- დროებითი ზავი აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით გამოცხადდა.
ფორუმი