ნინო კალანდია, რომელიც თბილისში 2024 წლიდან მიმდინარე პროდასავლური აქციების აქტიური მონაწილეა და რომელსაც ჯამში 15 ჯარიმა აქვს გამოწერილი, ამბობს, რომ ყადაღა დაედო მისი არასრულწლოვანი შშმ შვილის საპენსიო ანგარიშს "ლიბერთი" ბანკში. იმის გამო, რომ ანგარიშზე არასრულწლოვანს ერიცხება თანხა, მფლობელად მშობელია გაფორმებული.
საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარების ( შშმ პირის პენსიისა და საარსებო შემწეობის) დაყადაღება ან მისგან ვალის იძულებით ჩამოჭრა, დაუშვებელია.
ნინო კალანდიამ არასრულწლოვანი შშმ შვილის საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ჯარიმის გამო დაადეს ანგარიშზე ყადაღა.
"ქართული ოცნების" მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენება 2028 წლამდეა გადადებული; მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ საქართველოში პროდასავლური აქციები უწყვეტად იმართება.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.
„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს.
"ლიბერთიდან" არც შეტყობინება მიმიღია, რომ ანგარიში დაყადაღდა და ჩავთვალე, რომ დაიცვეს კანონი და საპენსიო ანგარიშს არ დაადეს ყადაღა. ვინაიდან ამ ბანკში ვიხდიდი ადრე აღებული კრედიტის სესხის პროცენტს, ყოველ ჯერზე ანგარიშზე ვტოვებდი თანხას სესხის პროცენტის მომსახურებისთვის. ამ თვეშიც ეს თანხა დავტოვე და დღეს მომივიდა მესიჯი, რომ მერიცხება დავალიანება, ვერ მივხვდი რატომ. რომ შევედი ინტერნეტ ბანკიდან ანგარიშზე, არცერთი თეთრი აღარ იყო, თუმცა ტრანზაქციებში არ იძებნებოდა, სად წავიდა ეს თანხა. წავედი ბანკში გასარკვევად და იქ მითხრეს, რომ დაყადაღებული იყო ანგარიში. გარდა იმისა, რომ ეს საპენსიო ანგარიში დააყადაღეს, რომლის უფლებაც არ ჰქონდათ, ახლა ბანკი მარიცხავს ჯარიმებს იმ სესხის პროცენტზე, რომელიც ანგარიშზე დატოვებული მქონდა, მაგრამ წაიღო აღსრულების ბიურომ და ახლა ჯარიმა იმაზე მეტია, რაც გადასახდელი მქონდა", - ეუბნება ნინო კალანდია რადიო თავისუფლებას.
მისი სიტყვებით, ინფორმაცია უკვე მიაწოდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელშიც განუმარტეს, რომ ორშაბათს ბანკიდან ამონაწერი უნდა მიიტანოს და შემდეგ განიხილავენ და იმსჯელებენ, მოხსნან თუ არა ყადაღა ანგარიშზე.
ნინო კალანდიას თქმით, ბანკიდან ამონაწერის მისაღებად 20 ლარის გადახდა მოსთხოვეს. იგი ამბობს, რომ საკითხის სამართლებრივ გარკვევასაც ეცდება.
"საბოლოო ჯამში, ალბათ, მოხსნიან, მაგრამ ეს შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელეს და შეიძლება ვერ მოესწროს შემდეგ პენსიამდე, რომელიც ყოველი თვის 14 რიცხვში მერიცხებოდა და რომელიც შეადგენს 470 ლარს. ამასობაში, ეს ჩემი გაუგებარი ჯარიმაც ხომ გაიზრდება და რატომ უნდა გამეზარდოს ჯარიმა იმის გამო, რომ პროცენტის თანხა, რომელიც უნდა გადამეხადა, ესეც აღსრულების ბიურომ წაიღო და მე ბანკი ახლა ჯარიმებს მადებს", - ამბობს ნინო კალანდია.
რადიო თავისუფლება საკითხის გარკვევას "ლიბერთი" ბანკსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში ცდილობს, მათგან მიღებული პასუხით ტექსტი განახლდება.