შეკვრა და ქილა: რა მოუვიდა მიტროპოლიტ ილარიონს ჩეხეთის რესპუბლიკაში?

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი)

მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში დააკავეს რამდენიმე დღის წინ, 27 მაისს გაათავისუფლეს. სასულიერო პირმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასს განუცხადა და დააკონკრეტა, რომ მან ჩეხეთი დატოვა მას შემდეგ, რაც ის დააკავეს და შემდეგ ბრალდების წაუყენებლად გაათავისუფლეს.

„ჯერჯერობით დავტოვე ჩეხეთი. რადგან ვნახე, რამდენად ადვილად კეთდება ასეთი რამ, მეშინია, ისტორია არ გამეორდეს“, თქვა მან. ილარიონმა დასძინა, რომ აპირებს, პატრიარქ კირილეს „მოახსენოს“ „ინციდენტის ყველა გარემოების შესახებ და შემდეგ, როგორც ის გადაწყვეტს, ისე იქნება“.
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, ილარიონი ცენტრალური ჩეხეთის მხარეში დააკავეს ქალაქ უნჰოშტის მახლობლად. ეს 24 მაისს მოხდა, როდესაც მისი ავტომანქანა კარლოვი-ვარიდან პრაღაში მიემართებოდა. დაკავების შესახებ პირველი ინფორმაცია მიტროპოლიტის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა. პოსტის ავტორი უცნობია: გამოქვეყნების მომენტისთვის თავად ეკლესიის იერარქი უკვე დაკავებული იყო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მითითებული იყო, რომ ილარიონი ნარკოტიკების შენახვაშია ეჭვმიტანილი და რომ ის ამას უარყოფს.

ცნობის თანახმად, ილარიონი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან დატოვა კარლოვი-ვარიში წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძარი. პოლიციამ მისი მანქანის საბარგულში აღმოაჩინა ოთხი „პატარა შეკვრა, რომლებიც თეთრ ნივთიერებას შეიცავდა“. „შემიძლია დავადასტურო, რომ ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრანსპორტირების შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მივიღეთ ზომები სატრანსპორტო საშუალების მიმართ ცენტრალური ჩეხეთის მხარეში,“ განაცხადა ჩეხეთის ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსპიკერმა ლუციე შმოლდასოვამ. „მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო არ შეგვიძლია დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ან ავტომობილში მყოფი პირების ვინაობის დაკონკრეტება“, დასძინა მან.
ქალაქ კლადნოს პროკურატურამ შემდგომში განაცხადა, რომ დააკავეს ორი პირი. პროკურორმა პეტრ დლუჰოშმა თქვა, რომ ჯერჯერობით არავისთვის არ წაუყენებიათ ბრალდება. სამშაბათს, 27 მაისს, ცენტრალური ჩეხეთის მხარის პოლიციის პრესსპიკერმა მიხაელა რიხტეროვამ დაადასტურა, რომ ავტობან D6-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე დაკავებულ ავტომანქანაში აღმოაჩინეს უცნობი თეთრი ნივთიერები სამი პატარა შეკვრა, რომელთაგან თითოეული ერთ გრამზე ნაკლებს იწონიდა. მოგვიანებით რიხტეროვამ ვინაობის დაუსახელებლად განაცხადა, რომ ორივე დაკავებული 28 მაისს გაათავისუფლეს, მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ. თუმცა გამოძიება გაგრძელდება: „იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება შემოწმების ფაზაშია, ამჟამად შეუძლებელია უფრო დეტალური ინფორმაციის გავრცელება“, თქვა რიხტეროვამ. ჩეხეთის კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლებელია ფსიქოტროპული ნივთიერებების გაყიდვის შემთხვევაში, ხოლო ნარკოტიკების მომხმარებლები სისხლის სამართლებრივ დევნას არ ექვემდებარებიან, თუ მათ მცირე რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდებათ.

ვინ არის ილარიონი და როგორ აღმოჩნდა ისკარლოვი-ვარიში?

59 წლის ილარიონი არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, თეოლოგი და ცნობილი რელიგიური კომპოზიტორი და მწერალი. მან დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. ილარიონი სულ რაღაც 36 წლის ასაკში გახდა ეპისკოპოსი, რაც შესაძლოა ეკლესიაში მის შედარებით სწრაფ კარიერულ წინსვლაზე მიუთითებდეს. ილარიონი დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილებას. თავის დროზე ამ განყოფილებას ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი პატრიარქი კირილე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ილარიონი გაათავისუფლეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან და ის ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის ხელმძღვანელად დაინიშნა. თავად ილარიონმა თავისი გადადგომა მაშინ „არსებული სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის მოთხოვნებს“ დაუკავშირა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკლესიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გამო უთანხმოებასთან.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დანიშვნიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მიტროპოლიტმა მიიღო უნგრეთის მოქალაქეობა, რითაც გვერდი აუარა ევროკავშირის მიერ დადგენილ წესებს, რომელთა თანახმად, ევროკავშირის პასპორტის მიღებამდე აუცილებელია ხუთი წლის განმავლობაში მუდმივი ბინადრობის სტატუსის ქონა. მოქალაქეობის ასეთი დაჩქარებული წესით მინიჭება მხოლოდ უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეიძლება აიხსნას. ცნობილია, რომ ილარიონი რამდენჯერმე შეხვდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორორბანს და მისი მთავრობის წევრებს. უნგრეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ილარიონს ასევე გაუჩნდა დიდი სახლი. ეს ეკლესიის იერარქმა თავად დაადასტურა დე ფაქტო. როგორც „ნოვაიაგაზეტა ევროპა“ იტყობინება, ილარიონმა განაცხადა, რომ ქონების შესაძენად გაყიდა თავისი ბინა არბატის ქუჩაზე და ასევე გამოიყენა მრავალი წიგნიდან და ფილმიდან მიღებული ჰონორარები.

2024 წლის ზაფხულში, ილარიონის მორჩილმა, გეორგისუზუკიმ, მიტროპოლიტი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოქვეყნდა მიმოწერა, ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები.

ილარიონს საჯაროდ არ უსაუბრია უკრაინაში მიმდინარე ომზე, არც დაუგმია და არც მხარი დაუჭერია მისთვის. ამავე დროს მან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყირიმის ეპარქია უშუალოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაუქვემდებარა, ასევე ის ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლად ითვლებოდა პატრიარქ კირილესი, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის. სხვათა შორის, მიტროპოლიტი არის ავტორი კირილეს ბიოგრაფიისა, რომელიც გამოქვეყნებულია სერიაში „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“.

მარცხნიდან :ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილე, აღდგომისადმი მიძღვნილ მიღებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მოსკოვი. 2017 წლის 18 აპრილი.



გათავისუფლების შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა ჩაწერა მიმართვა, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა. მისი სიტყვებით, მანქანაში, რომელიც ჩეხეთის პოლიციამ გააჩერა, იმყოფებოდა ვიდეოოპერატორთან და სამწყსოს წევრ ახალგაზრდა წყვილთან ერთად. მანქანის შემოწმებიდან გარკვეული ხნის შემდეგ მიტროპოლიტს აჩვენეს საბარგულში დაწყობილი „სამი შეკვრა“ და „ქილა“ თეთრი ფხვნილით. პოლიციელის თქმით, ისინი დამალული იყო მფარავი შრის ქვეშ, სადაც ცეცხლმაქრია განთავსებული. მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ ამ ნივთიერებებს ცხოვრებაში პირველად ხედავს.
ადგილზე მისულმა ადვოკატმა დარღვევები დააფიქსირა: ჩხრეკა, სავარაუდოდ, ვიდეოჩანაწერის გარეშე ჩატარდა და პოლიციელი ხელთათმანების გარეშე მუშაობდა. ილარიონი კვლავაც უარყოფს აკრძალული ნივთიერებების უკანონო შენახვაში რაიმე მონაწილეობას და მთელს ინციდენტს „დაგეგმილ აქციას“ უწოდებს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ასევე გამოთქმულია უკმაყოფილება პოლიციის მისამართით, რომელმაც, სასულიერო პირს თითქოს მანქანის ჩხრეკაზე დასწრების უფლება არ მისცა. ილარიონმა ასევე დაიჩივლა დაბალი ტემპერატურის გამო წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მან სამი დღე გაატარა. ამ დროს ის იმყოფებოდა პრაღაში, სადაც მაისის ბოლოსთვის ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში უჩვეულოდ ცხელი იყო.

მიტროპოლიტ ილარიონი ღირსების ორდენით დაჯილდოება კრემლში. 2016 წლის 22 სექტემბერი.

გარკვეული ხნის წინ გაირკვა, რომ კარლოვი-ვარის ეკლესიის ყოფილი წინამძღვარი ეკლესიის ტერიტორიას რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს უთმობდა

„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყარო გვქონდა - ილარიონის საკუთარი ტელეგრამის არხი“, აღნიშნავს ჩეხი ჟურნალისტი ონდრჟეი სოუკუპი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. „მხოლოდ 26 მაისის შუადღისას დაადასტურა პოლიციამ, რომ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მოქმედებდა, რომ მათ შეიტყვეს, რომ კონკრეტული მანქანით გადაჰქონდათ ნარკოტიკები და, შესაბამისად, პოლიციას მოქმედება მოუწია. პოლიცია ჯერაც უარს ამბობს იმის დადასტურებაზე, რომ თავად ილარიონი იყო მგზავრებს შორის“. ჩეხეთის მედიასაშუალებებმა ინციდენტი ისე გააშუქეს, რომ გაიხსენეს თავად ილარიონის ბიოგრაფია, რომელიც პატრიარქ კირილესთან ძალიან ახლოს იყო და უნგრეთში სხვადასხვა დავალებას ასრულებდა, საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობდა. მათ გაიხსენეს თავად კარლოვი-ვარიში წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის ისტორია, რადგან ეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ეკლესიათაგანია, რომლებიც კონკრეტულად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის, მაშინ როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკაში ბევრი სხვა მართლმადიდებელი ტაძარი ეკუთვნის ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. გარკვეული ხნის წინ გაირკვა, რომ ეკლესიის ყოფილი წინამძღვარი ეკლესიის ტერიტორიას რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს უთმობდა.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციის კომენტირებისას, რომელმაც „მკაცრი პროტესტი“ გამოუცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, იან ონდრეიკას და მიტროპოლიტის გათავისუფლება მოითხოვა, სოუკუპმა თქვა, რომ „რუსეთსა და ჩეხეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები ფაქტობრივად შეწყდა, სულ მცირე 2022 წლის თებერვლიდან, ამიტომ სისულელეა იმის თქმა, რომ მომხდარმა შეიძლება რაიმე ფორმით ზიანი მიაყენოს რუსეთ-ჩეხეთის ურთიერთობებს“.
პრაღაში მცხოვრები მხარეთმცოდნისა და ისტორიკოსის, ვლადიმირ პომორცევის თქმით, მას არ ახსოვს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი დაეკავებინათ „ასეთი ექსტრავაგანტური ბრალდებებით“, რადგან მიტროპოლიტები „ჩვეულებრივ უფრო სულიერი ცხოვრების წესს მისდევენ“.

- ილარიონი ჩეხეთში პენსიაზე გაუშვეს. რამდენადაც მესმის, ის კარლოვი-ვარის ეკლესიის წინამძღვრადაც კი არ დანიშნეს, რადგან თანამდებობა ვაკანტური იყო წინა წინამძღვრის, ნიკოლოზ ლიშჩენიუკის დეპორტაციის შემდეგ (ჩეხეთის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან სასულიერო პირმა რუსეთის ხელისუფლების დახმარებით შექმნა გავლენის სტრუქტურა ევროკავშირის ქვეყნებში სეპარატისტული ტენდენციების მხარდასაჭერად - რედ.). თუმცა, როგორც ჩანს, ილარიონი ეკლესიის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და თითქოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში წირვა-ლოცვასაც კი ატარებდა, ანუ ის ამ სტატუსში იმყოფებოდა. სინამდვილეში მიტროპოლიტი მართლაც პენსიაზე გაუშვეს ყველა იმ თავგადასავლის შემდეგ, რაც მას გადახდა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გაგზავნეს ილარიონი უნგრეთიდან სწორედ ჩეხეთის რესპუბლიკაში?

- ვფიქრობ, სამღვდელო თანამდებობა უბრალოდ ვაკანტური იყო და წირვა-ლოცვის ჩასატარებლად ვინმე იყო საჭირო, რადგან წინა წინამძღვარს სწორედ იმ მომენტში გაუკეთეს დეპორტაცია.

წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია კარლოვი-ვარიში

- ჩეხეთის რესპუბლიკაში სანქციები დაწესდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის ეთანხმება უკრაინაში რუსეთის ომს. ამ დროს ჩეხეთის რესპუბლიკაში არის ეკლესიის საკუთრებაში არსებული ტაძარი - სწორედ ის, სადაც ილარიონი გავიდა პენსიაზე. რა ხდებოდა ამ ეკლესიასთან დაკავშირებით ომის დაწყებიდან ამდენი წლის განმავლობაში?

- მან თავიდანვე საკმაოდ უცნაური მეტამორფოზი განიცადა, რადგან თავდაპირველად ის ეკუთვნოდა რუსეთის სახელმწიფოს და არა ეკლესიას. ეს გრძელდებოდა ბოლშევიკურ რევოლუციამდე და შემდგომში ეკლესიის სტატუსიც გაურკვეველი იყო.

მოგვიანებით, ჩვენს დროშიც კი, გაურკვეველი იყო, ვის ეკუთვნოდა მიწა, რომელზეც ეკლესია დგას. ვფიქრობ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააცნობიერა, რომ ეს მათთვის პოტენციურ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან დაახლოებით 20 წლის წინ გამოიცა საკმაოდ დეტალური წიგნი, რომელიც კარლოვი-ვარის ეკლესიის ისტორიას მოგვითხრობს. მასში კადრს მიღმა, სტრიქონებს შორის, აშკარად ჩანს სურვილი, დაამტკიცონ, რომ ეკლესია კანონიერად ეკუთვნის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. წიგნმა ამის დამაჯერებლად დამტკიცება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, ეკლესიის სტატუსი კვლავ ბადებს კითხვებს. სტატუსის ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1945 წლის შემდეგ ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნოდა. რამდენადაც ვიცი საგაზეთო პუბლიკაციებიდან, მიტროპოლიტ ილარიონის აქ ჩასვლის შემდეგ ეკლესია გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უნგრეთის ეპარქიას. ეს, სავარაუდოდ, გაკეთდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქონებასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების მინიმიზაციის მიზნით, რადგან უნგრეთის ეპარქიას ევროკავშირის ფარგლებში მართლმადიდებელი რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკეთეს მდგომარეობაშია ნებისმიერი სახის თავგადასავლის შემთხვევაში, როგორიც ილარიონს გადახდა.

- კარლოვი ვარიში მდებარე ეკლესიის გარდა აქვს თუ არა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩეხეთის რესპუბლიკაში სხვა ტაძრები? მართლმადიდებელი ტაძრების უმეტესობა ხომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.

- რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1970-იან წლებში მიაღწია შეთანხმებას ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. იმ დროს ორმა ეკლესიამ საელჩოები გაცვალა, რის შედეგადაც შეიქმნა ორი მიწა, ე.წ. მეტოქი. ერთი მეტოქი კარლოვი-ვარიში იყო და ერთი მეტოქი - მოსკოვში. ერთი პერიოდი ეს ორი მეტოქი ორივე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგვარი საზღვარგარეთის წარმომადგენლობის ფუნქციას ასრულებდა. ამ ათასწლეულის დამდეგს მოულოდნელად და იმ წესების დარღვევით, რომლებიც მიღებულია გლობალურ მართლმადიდებლობაში, კარლოვი-ვარის მეტოქმა დამოუკიდებელ რელიგიურ ორგანიზაციად დარეგისტრირება გადაწყვიტა. და ასეც მოიქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩეხეთის სეკულარული სახელმწიფოს პერსპექტივიდან, ფაქტობრივად, ორი დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს. ამან ჩეხ და რუს მართლმადიდებლებს შორის უთანხმოება გამოიწვია, ვინაიდან ეს არ იყო მთლად სწორი ილეთი. ამის მიუხედავად დღეს, როცა ყოველ 10 წელში ერთხელ ტარდება მოსახლეობის აღწერა, მსურველებს შეუძლიათ თავი აღიარონ მართლმადიდებელ მორწმუნეებად - ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებად, ან იმ რელიგიური ორგანიზაციის წევრებად, რომელიც კარლოვი-ვარიში წარმოიშვა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის ბაზაზე. ამის შემდეგ, მეტოქი ოდნავ გასცდა თავის საზღვრებს - გასული საუკუნის ბოლოს, თუ არ ვცდები, პრაღაში ყოფილი საბჭოთა, ამჟამად რუსეთის, საელჩოს ტერიტორიაზე აშენდა პატარა ეკლესია, რომელიც წმინდა გიორგის სახელს ატარებს. ხოლო 2009 წელს აკურთხეს ე.წ. „შაიბის“ შენობა, რომელიც წმინდა ლუდმილას ტაძრად იქცა. ისიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაშია და რუსეთის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს. რამდენადაც მესმის, ეს ეკლესია ომის დაწყების შემდეგ დაიხურა.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარლოვი-ვარიში მდებარე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კომპლექსს რაიმე გავლენა ჰქონდა ჩეხეთის რესპუბლიკაში?

- ვფიქრობ, ეს არის ჩვეულებრივი ტაძარი, რომელსაც ყველა იცნობდა მაგრამ რომლის მიმართაც იყო კითხვები, რადგან ის ეკუთვნის რელიგიურ ორგანიზაციას, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მთელი ძალით უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის ომს. რა თქმა უნდა, ამას ყურადღება მიაქციეს აქტივისტებმა და თქვეს, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო. ეკლესიის წინამძღვარი ჩეხეთიდან დეპორტირებულ იქნა, პატრიარქ კირილეს კი სანქციები დაუწესეს. ამის შემდეგ არა მგონია, რომ მეტოქს ჰქონდა რაიმე შესაძლებლობა, რაიმენაირად გაეფართოებინა თავისი საქმიანობა, - ამბობს ჩეხი მხარეთმცოდნე და ისტორიკოსი ვლადიმირ პომორცევი.